„ნაციონალები“ მერობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძეს დაასახელებენ, „ევროპული საქართველო“ – ელენე ხოშტარიას?

ადგილობრივი არჩევნები კარზეა მომდგარი, მაგრამ ჯერ საარჩევნო კამპანია არ დაწყებულა, თუმცა ამის მიუხედავად, პოლიტიკურ კულუარებში უკვე ლაპარაკობენ იმის შესახებ, თუ ვის წარადგენს სხვადასხვა პარტია თბილისის მერობის კანდიდატად. „ქართული ოცნების“ მერობის შესაძლო კანდიდატზე უკვე ძალიან ბევრი ითქვა და შესაბამისად, დიდი ალბათობით, მმართველი გუნდის დავით ნარმანიას კახა კალაძის ჩანაცვლებას შეეცდება. ამასთან, გულზე ხელდაკრეფილები არც სხვები სხედან. ასე, მაგალითად, გავრცელებული ინფორმაციით, „თავისუფალი დემოკრატები“ მერობის კანდიდატობას თბილისის საკრებულოს წევრ ალეკო ელისაშვილს შესთავაზებს.
ისე, მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა ციხიდან გამოვიდა და „ნაციონალური მოძრაობა“ ორად გაიყო, კულუარებში ითქვა, რომ „ევროპული საქართველო“ მერად სწორედ უგულავას დაასახელებდა, მაგრამ „თაიმერისთვის“ ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ ყოფილი „ნაციონალები“ თბილისის მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარიას წარადგენენ.
დანამდვილებით იმის თქმა, რომ ხოშტარია იგივე „ოცნების“ კანდიდატს დაამარცხებს, ძნელია, მაგრამ პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, მიუხედავად იმისა, რომ „ექსნაციონალების“ სახეა, ოდიოზურ პოლიტიკურ ფიგურად არ ითვლება, ანუ ხოშტარიას ბეგრაუნდი კომპრომატებისგან თავისუფალია.
ამ ფონზე არანაკლებ საინტერესოა, ვინ შეერკინება ყოფილი თანაგუნდელებიდან ხოშტარიას?
„თაიმერის“ ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იქნება. სხვათა შორის, როცა „ნაცმოძრაობა“ გაიყო და გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის გუნდში დარჩა, ეს დეტალი ყველას გაუკვირდა, მაგრამ ვაშაძე, როგორც „თაიმერს“ უთხრეს, იმთავითვე ახალიებთან მეგობრობს. „ნაცმოძრაობაში“, ანუ სააკაშვილთან კი, როგორც ამბობენ, სწორედ ახალაიებთან დაახლოებულები დარჩნენ.
ზოგადად, ამ თემაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. ამიტომ, თემას აღარ განვავრცობთ. ისე, არაა გამორიცხული, რომ იგივე „ნაციონალურმა მოძრაობაამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მერობის კანდიდატები შეცვალონ. ასევე, ისიც დასაშვებია, რომ „ოცნებამ“ დავით ნარმანია სრულიად უცნობი ფიგურით შეცვალოს. ამიტომ, ჯობია, მოვლენების განვითარებას თვალი მივადევნოთ.

banner
წინა სტატიაშისავჩენკომ პოროშენკოს იანუკოვიჩის ბედი უწინასწარმეტყველა
შემდეგი სტატიაანი ნადარეიშვილი: „ანგელოზები უნდა დაგიფრთხოთ!“