“მზიურის” პარკის ტერიტორიის მოწყობასთან დაკავშირებით მასშტაბური სამუშაოები იწყება

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, მერიის სტრუქტურაში შემავალ სამსახურების უფროსებთან და ვაკისა და საბურთალოს რაიონების გამგებლებთან ერთად, დღეს, მდინარე ვერეს ხეობა და “მზიურის” პარკის ტერიტორია დაათვალიერა.

როგორც “თაიმერს” მერიიდან აცნობეს, დავით ნარმანიამ და ლაშა აბაშიძემ მიმდებარე ტერიტორიაზე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროცესის მიმდინარეობა შეამოწმეს და შესაბამის სამსახურებს კონკრეტული დავალებები მისცეს.

“ვერეს ხეობაში საინჟინრო ნაგებობებზე სამუშაოები დაწყებულია და ძალიან მალე დამთავრდება, პარალელურ რეჟიმში კი, ჩვენ ვიწყებთ მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავებას, გამწვანების ღონისძიებებს. განხორციელდება სკოლის შენობის დემონტაჟი, რომელიც ამას აუცილებლად საჭიროებს და შესაბამისად, მოსწორდება ტერიტორია. მაქსიმალურად ინტენსიურად იმუშავებს ყველა სამსახური, იმისათვის, რომ ეს ტერიტორია დაუბრუნდეს პირვანდელ სახეს, იყოს სათანადოდ გამწვანებული, მოწესრიგებული, ისე რომ თითოეული ადამიანი, ვინც ამ ტერიტორიაზე გაივლის, მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება, დაისვენონ, რაც ყველაზე მთავარია.”მზიური” დაუბრუნდება თავის პირვანდელ სახეს, საკმაოდ საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი, არა მხოლოდ გამწვანების თვალსაზრისით, არამედ ბავშვებისთვის – მოეწყობა გასართობი, სარეკრეაციო სივრცე და ყველაფერი გაკეთდება ისე, რომ სულ სხვა ეფექტი ექნება ვერეს ხეობას,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის დავალებით, მდინარე ვერეს ხეობაში მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები ჩატარდება, მოსწორდება ტერიტორია და მდინარის კალაპოტის ფორმირება მოხდება. ამასთან, განხორციელდება “მზიურის” პარკის ტერიტორიაზე მდებარე სკოლის დემონტაჟი, იქვე მდებარე მიწისქვეშა გვირაბში კი დამონტაჟდება განათება და დაიგება ახალი ფილები.

დავით ნარმანიამ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს დაავალა, მოინიშნონ ის ადგილები, სადაც უახლოეს პერიოდში ხე-მცენარეები დაირგვება. ზოოპარკის ტერიტორიაზე კი, გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება დაიწყება. დედაქალაქის მერის დავალებით, მოწესრიგდება ტერიტორიაზე არსებული ქვეითთა გადასასვლელი ხიდები, სანიაღვრე ქსელები და ვერეს ხეობაში, ახალაშენებულ ხიდთან საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყება.

“მზიურის” პარკის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის, ტყე-პარკის, საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიოლანდმა და მერკელმა პოროშენკოს მინსკის ხელშეკრულების დაცვისკენ მოუწოდეს
შემდეგი სტატიასტამბოლში საქართველოს საკონსულოში ცხელი ხაზია გახსნილი