“მზად ვართ, უვიზო მიმოსვლის სარგებელი ხელმისაწვდომი გავხადოთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვისაც”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციით მიღებული სარგებლით აუცილებლად უნდა ისარგებლონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმაც.

ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა შეჩერების მექანიზმის თაობაზე. პრაქტიკულად, ტექნიკური ბარიერი მოხსნილია. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აქვს სრულფასოვნად შესრულებული ყველა მოთხოვნა და ამაზე არსებობს აბსოლუტური კონსენსუსი, ჩვენ ველოდებით, რომ ყველა შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს რეალურად მიეცემათ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა მზადაა, ეს სარგებელი ხელმისაწვდომი გახადოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

„დღეს ჩვენ სწორედ უვიზო მიმოსვლაზე ვსაუბრობთ, რომელიც ბევრი ადამიანისთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივაა, ვსაუბრობთ იმ მოსახლეობაზე, რომელსაც დღეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხშირად რამდენიმე მეტრში გადაადგილების პრობლემა აქვს. ვფიქრობ, ძალიან ღირებულია ასეთი განსხვავებული ალტერნატივის შეთავაზება და ეს ის მომავალია, რასაც მოვიაზრებთ ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე: ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის ზონაში უვიზოდ მოგზაურობას, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისიდან შეძლებენ
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ინსტიტუტის იგნორირება არ არის სწორი