მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ

მოსამართლის მიერ მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის წინასაექსტრადიციო ვადის 3 თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილების გასაჩივრებას ჩაბუქის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.

როგორც ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა აღნიშნა, პროკურატურამ დღეს ვერანაირი ფორმალური და ფაქტობრივი არგუმენტები ვერ წარმოადგინა, რატომ უნდა გაეგრძელებინათ ჩაბუქისთვის პატიმრობის ვადა.

„მაშინ, როცა ჩაბუქს დოკუმენტები გადაცემული აქვს ლტოლვილთა სამინისტროსთვის, ასევე ის დაინტერესებულია საქართველოში ყოფნით, ხოლო მას და მის ოჯახს ემუქრებიან, ისმის კითხვა, რა არგუმენტები არსებობს საიმისოდ, რომ მიემალოს გამოძიებას. უსაფუძვლოა ის არგუმენტი, რომ თითქოს თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ხელს შეუშლის გამოძიებას, რომელიც თურქეთში მიმდინარეობს. ფაქტობრივი მხარეც დაუსაბუთებელია. ის, რომ ჩაბუქი იყო მინდობილი პირი ერთ-ერთი კომპანიისა, ეს არ წარმოადგენს დამადასტურებელ საბუთს ჩაბუქის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირისა“, – განაცხადა ბარათაშვილმა.

საქმის პროკურორი ნანუკა ზაზუნაშვილი კი ჩაბუქის პატიმრობაში დატოვების რამდენიმე მიზეზს ასახელებს.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, საექსტრადიციო პროცედურები არ არის დახურული, ასევე კვლავ სახეზეა ყველა ის საფუძველი, რომელიც თავდაპირველად დაედო პატიმრობის გამოყენებას.

„სახეზეა როგორც მიმალვის საფრთხე, ისე გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრხეები“, – განაცხადა ზაზუნაშვილმა.

თურქეთის მოქალაქეს, დემირელის სკოლის ხელმძღვანელ მუსტაფა ემრე ჩაბუქს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, საექსტრადიციო პატიმრობის ვადა კიდევ 3 თვით გაუგრძელდა.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ჩაბუქის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

banner
წინა სტატიაშივარკეთილში ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა
შემდეგი სტატიათბილისი-რუსთავის გზაზე ხანძარი გაჩნდა