,,მურუსიძესა და იუსტიციის საბჭოს ზოგიერთ წევრს ვურჩევ, მაგალითი ირაკლი ღარიბაშვილისგან აიღონ”

ამ ხალხს ვურჩევ, მაგალითი ირაკლი ღარიბაშვილისგან აიღონ, რომელიც თანამდებობით მათზე მაღლა იდგა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძისა და იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრის მისამართით დასმული შეკითხვისას განაცხადა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოსამართლეებს აბსოლუტური ავტონომია მიანიჭა. “ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოსამართლეებს აბსოლუტური ავტონომია მივანიჭეთ. თუ წინა ხელისუფლების დროს კანდიდატს მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასახელებდა, იუსტიციის საბჭოს არჩევა კი ღია კენჭისყრით ხდებოდა, ჩვენ სარისკო ნაბიჯი გადავდგით და ფარული კენჭისყრით სასურველი კანდიდატის შერჩევა მოსამართლეებს მივანდეთ. სამწუხაროდ, მყარად არის გამჯდარი მენტალიტეტი, ვიღაცებმა უფროსი ეძებონ, კონკრეტული პიროვნება, რომ უერთგულონ და მის გარშემო დაირაზმონ”, – განაცხადა უსუფაშვილმა. კითხვაზე – გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ფაქტობრივად, რეფორმა ჩავარდა და იუსტიციის საბჭოში საეჭვო ბეგრაუნდის მოსამართლეები მოხვდნენ, უსუფაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში ორი გზა არსებობდა. “თუ ხელისუფლება მოსამართლის მართვას შეეცდებოდა, ახალ ადეიშვილს გამოვძერწავდით, მათი შეცვლით კი 15 წლის წინანდელ პროცესს გავიმეორებდით, როცა მოსამართლეთა კორპუსი სრულად შეიცვალა. გაჩნდებოდა განცდა, რომ მოსამართლეები პოლიტიკურ დღის წესრიგზე არიან დამოკიდებულნი. რაც შეეხება კონკრეტულად ლევან მურუსიძესა და იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრის განცხადებას, დაბეჯითებით ვამბობ – დემარშები არავის წაადგება. ამ ხალხს ვურჩევ, მაგალითი ირაკლი ღარიბაშვილისგან აიღონ, რომელიც თანამდებობით მათზე მაღლა იდგა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაში,,თუ უკეთესი ვერ ვიპოვეთ, საარჩევნო სიაში დავრჩებით ისინი, ვინც ვართ”
შემდეგი სტატია,,ვისურვებდი, მომავალმა პრემიერმა პარლამენტთან ურთიერთობისთვის მეტი დრო გამონახოს”