მთავრობის სხდომაზე 2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესი დამტკიცდა. მოდელი იუსტიციის სამინისტროში შემუშავდა და ის მთავრობას თეა წულუკიანმა წარუდგინა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დღეს დამტკიცებული მოდელი იძლევა საშუალებას, საქართველომ ევროსაბჭოში 2016 წლის 15 აპრილამდე წარადგინოს სამი პირისგან შემდგარი მოსამართლეობის კანდიდატების სია, რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის.
„ამ მიზნით ჩვენ შევქმენით სამთავრობო კომისია. ნონა წოწორიას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს, 2017 წლის 1-ლ იანვარს გასდის ვადა და გაისად, შემოდგომაზე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აირჩევს ახალ მოსამართლეს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა კომისიის შემადგენლობა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს. სწორედ ეს კომისია შეარჩევს და მთავრობა ევროსაბჭოს წარუდგენს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის სამ კანდიდატურას, რომელთაგან ერთ-ერთს ევროსაბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს.