“მთავრობის ნებაა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზა, რაც შეიძლება დამოკლდეს“

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, “საქართველოს ამოცანა საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, არის ნატო-ს წევრობა”.

„საქართველოს ხელისუფლება, მისი პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე ცალსახად ვაცხადებთ, რომ საქართველოს ამოცანა საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, არის ნატო-ს წევრობა. ეს არის ცალსახა, უპირობო არჩევანი, რომელიც, პირველ რიგში, ქართველ ხალხს და შესაბამისად, ამ ხალხის არჩეულ ხელისუფლებას აქვს გაკეთებული“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

თინა ხიდაშელის განმარტავს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია არის ცალსახა და ურყევი და ყოველდღიური საქმიანობით დასტურდება მთავრობის ნება, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზა რაც შეიძლება დამოკლდეს და შედეგი, რაც შეიძლება სწრაფად დადგეს.

„ნებისმიერ მინისტერიალზე, ნებისმიერ სამიტზე, ნებისმიერ ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომელიც ნატო-საქართველოს ფორმატში ტარდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვაყენებთ ამ საკითხს. რაც შეეხება ვარშავის სამიტს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს მთავრობის გადასაწყვეტია, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნები, დეკემბრის მინისტერიალზე მე წარვადგინე მრავალპუნქტიანი გეგმა, რომელიც ძალიან კონკრეტული, ძალიან ცალსახაა. ჩვენ, ყველანი ერთად – პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მე, ქვეყნის პრეზიდენტი, ყოველდღიურ რეჟიმში ვიბრძვით და ვცდილობთ, რაც შეიძლება ფართომასშტაბიანი შედეგი მივიღოთ ანუ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში დაკმაყოფილდეს ყველა პუნქტი, რომელიც ჩვენს მოთხოვნაშია წარდგენილი, რომელიც ემსახურება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ჩვენი ქვეყნის ძალის შეკავების გაძლიერებას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის, დავით სიხარულიძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, არ ჩანს მთავრობის ძალისხმევა, რომ ქვეყანა ვარშავის სამიტზე დადებითი შედეგის მისაღწევად ემზადება.

„ჩემი მეგობარია დათო სიხარულიძე და მინდა პირდაპირ მივმართო მას, მისი კომენტარი ვნახე დღეს. არ ვიცი, რა განცდები, რა შთაბეჭდილებები რჩება მას. ჩემთვის პიროვნულად საინტერესოა, მაგრამ, მინდა ყველა დავარწმუნო, რომ აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს ის, რაც მის კომენტარებში წავიკითხე. არ ვიცი, მისი მინისტრობის ან სხვა დროს როგორ იყო, მაგრამ, დღეს საქართველოს ხელისუფლება ერთიანია. სხვადასხვა ფორმატში რამდენჯერმე განვიხილეთ ვარშავისკენ მიმავალი გზა, ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგას ხელისუფლებამ. ჩვენი მიდგომები პოლიტიკურად აბსოლუტურად თანმიმდევრული, ცალსახა, ერთგვაროვანია. ის, რასაც ლაპარაკობს და რისთვისაც იბრძვის თავდაცვის მინისტრი, არ არის მხოლოდ მისი არჩევანი, ან მისი გასაკეთებელი. ეს არის მთავრობა, რომელსაც ჰყავს პრემიერ-მინისტრი და რომლის მანდატითაც მოქმედებს ამ მთავრობის ნებისმიერი წევრი. ამიტომ, თუ ვინმეს მოსწონს ჩემი განცხადებები, ნიშნავს, გაცნობიერებული აქვს, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების არჩევანი და, სწორედ, ამ არჩევანის ფარგლებში ამ სეგმენტში ვოპერირებთ ჩვენ ყველანი – ნებისმიერი მინისტრი, რომელიც ამ მიმართულებით ვმუშაობთ. არ მინდა, ვინმეს თუნდაც თეორიულად ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს განსხვავებები და არ არსებობს პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნება იმდენად სახეზეა, როგორც, შესაძლოა, არასდროს ყოფილა. ჩვენ ყველანი ერთიანი ფრონტით ვიბრძვით შედეგისთვის და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შედეგი ისეთი იქნება, რომელსაც ადვილად გაიგებს ქართველი საზოგადოება და ვარშავიდან დაბრუნებულებს მოგვეცემა შესაძლებლობა, დეტალურად ავუხსნათ ჩვენს მოსახლეობას, რატომ არის გაცილებით მაღალ საფეხურზე ასული ქვეყანა“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში”ფორუმელი” სულხან წულაძე ბრალს არ აღიარებს
შემდეგი სტატია“ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება არ დაუშვას”