“მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ რეფორმები დაჩქარდეს და ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი გავხდეთ “

საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ რეფორმების ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდეს, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას კანონმდებლობით, ინსტიტუციურად და საბოლოოდ გავხდეთ ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი.
“ამ მიმართულებით ძალიან ნევრი ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ დავასრულეთ პირველი უნიშვნელოვანესი ეტაპი და ნამდვილად უდიდესი წარმატებაა, რომ რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა დადებითი ანგარიში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ მაქსიმალურად დიდ ძალისხმევას დავხარჯავთ მომავალი თვეების განმავლობაში, რათა ეს პროექტი წარმატებით დასრულდეს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ნატო-სთან ურთიერთობას, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ნატოსთან შემდგომი დაახლოება და საბოლოო მიზანი – ნატო-ს წევრობა, ეს ასევე არის და რჩება მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად.
“ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ნატოსთან სამხედრო თავსებადობის კუთხით. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ინტენსიურად, რათა გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ გავუიოლოთ ბიზნესს ხელისუფლებასთან ურთიერთობა
შემდეგი სტატიათბილისში საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა