მთავრობა „დაშლილების ბიზნესს“ ლობირებს? – რეალურად რას ემსახურება ავტომობილებზე აქციზის გაზრდა

mtavroba1„ოცნება“ მანქანების რევოლუციას მიიღებს!“

 

„ოცნება“ ლარის გადარჩენას ცდილობს და სწორედ ამ მოტივით, როგორც რამდენიმე დღის წინ, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, 2017 წლიდან საწვავსა და სიგარეტზე აქციზის გადასახადი გაზირდება. ამასთან,  პირველი იანვრიდან აქციზის გადასახადის გაზრდა ავტომობილებსაც შეეხება. კერძოდ, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ნათქვამია, რომ მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი სტანდარტული განაკვეთის სამმაგი ოდენობით განისაზღვრება. ამას გარდა, 2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტთან მიმაგრებული საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებებიდან ირკვევა, რომ ავტომფლობელებიც დაიბეგრებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახი, რომლის წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია, ვალდებული იქნება, წელიწადში 500 ლარამდე ე.წ. მანქანის გადასახადი გადაიხადოს.

ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, ვალდებული ხდება, გადაიხადოს ქონების გადასახადი მის საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილზე. ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია ავტომობილის ასაკის მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით, ლარებში: 1- წლამდე 500 ლარი ფიქსირებულად; 1დან 5წლამდე240 ლარი ფიქსირებულად; 5დან 10წლამდე120 ლარი ფიქსირებულად, 10 წლის ზემოთ60 ლარი ფიქსირებულად,– ნათქვამია ცვლილებათა პაკეტში.

ექსპერტების ნაწილი მთავრობის გეგმას, რომელიც მიზნად ლარის კურსის დასტაბილურებას ისახავს, სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ ნებისმიერი რეგულაცია ეკონომიკის წინსვლაზე უარყოფითად მოქმედებს. უფრო მეტიც, „თაიმერს“ სანდო წყარო ეუბნება, რომ საწვავზე და იგივე ავტომობილებზე აქციზის გაზრდით გარკვეული ბიზნესწრეების ინტერესების ლობირება ხდება.

„ბუნებრივია, დანამდვილებთ არ ვიცი, მაგრამ პირადად მე, მიჩნდება ეჭვი, რომ ამ რეგულაციებით მთავრობა ან მთავრობის ზოგიერთი წევრი ვიღაც-ვიღაცებთან ჩრდილოვან გარიგებაში შევიდა, ანუ უფრო მარტივად რომ გითხრათ, ხალხის უბედურების ხარჯზე ხელს მარტო ე.წ. ბიზნესმენები კი არა, ჩინოვნიკებიც მოითბობენ. ახლა, საწვავზე აქციზის გაზრდას ყველა პროდუქტის გაძვირება რომ მოჰყვება, ამას, მგონი, ყველა ხვდება, მაგრამ იცით, რა მაინტერსებს? – ავტომობილებზე აქციზის გაზრდით ხელისუფლება რის მიღწევას ცდილობს? მაგალითად, ბატონი ქუცნაშვილი და სხვა „მეოცნებეებიც“ გამობრძანდნენ და დაგვმოძღვრეს, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობას ემსახურება, მაგრამ მე სხვა ინფორმაცია მაქვს. ყოველ შემთხვევაში, მითხრეს, რომ ავტომობილების აქციზის გაზრდა კონკრეტულ ბიზნესს უკავშირდება,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც ირწმუნება, რომ მთავრობის ე.წ. საავტმობილო რეგულაცია „ფულის კეთების სტანოკად“ იქცევა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენი წყაროს ვერსია ასეთია:

„ახლობლებმა, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ, მითხრეს, რომ ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა ქართველები გერმანიასა თუ სხვა ევროპულ ქვეყნებში ჩადიან და მთლიან და მწყობრში მყოფ კი არა, დაშლილ ავტომანაქნებს ყიდულობენ. მერე, ეს ნაწილები საქართველოში ჩამოაქვთ და ყიდიან. მოკლედ, მგონია, რომ ვიღაცამ ახალი, „დაშლილების“ ბიზნესი დაიწყო. როცა აქციზი გაძვირდება, ე.წ. კერძო ავტოდილერები, რომლებსაც მანქანები ჩამოაქვთ, ბაზრობაზე ყიდიან და ამით ოჯახებს არჩენენ, იძულებულები გახდებიან, ამ საქმიანობაზე ან ხელი საერთოდდ აიღონ, ან თუ აქამდე თვეში, ვთქვათ, 5 მანქანა ჩამოჰყავდათ, ახლა, იგივე რაოდენობა ორ-სამ თვეში ერთხელ ჩამოიყვანონ. სამაგიეროდ, აყვავდება „ნაწილების ბიზნესი“ – მანქანები გაძვირდება და ხალხი იძულებული გახდება, ახალი კი არ იყიდოს, არამედ, ნაწილები შეიძინოს და მოძველებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ასე „განაახლოს“.

„თაიმერის“ წყარო ამავე კონტექტსში იმასაც იხსენებს, რომ მალე ავტომობილების ტექნიკური დათვალიერებაც უნდა აღდგეს, ანუ თუ ავტომფლობელს არ უნდა, რომ დაჯარიმდეს, ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ავტო მწყობრში მოიყვანოს.

„არ ვამბობ, რომ ტექდათვალიერება ცუდია – გარემოზე და ჯანმრთელობაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ. არც მიშას მეხოტბე და ტაშის დამკვრელი ვარ, მაგრამ იმ მამაცხონებულმა სააკაშვილმა თავის დროზე ეს ტექდათვლიერება იმიტომ გააუქმა, რომ „ტეხასმოტრები“ ჩეულებრივი კორუფციის წყარო იყო. ჰოდა, ახლა, თუ ამ  „დაშლილების ბიზნესით“ ვიღაც მართლა არის დაინტერესებული, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება და ისიც გასაგებია, მთავრობა, თითქოს ლარის გამყარების მიზნით, ავტომობილებზე აქციზს რატომ ზრდის,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც ასევე, ამბობს, რომ მომავალი წლიდან კერძო ტაქსებზეც შესაძლოა, ლიცენზიები ან სპეციალური მოსაკრებელი დაწესდეს.

„დიდი ხანია, ამბობენ, რომ კერძო ტაქსებს მერიამ შეიძლება, გარკვეული რეგულაციები დაუწესოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაქსაობას ყველა ვეღარ შეძლებს. არადა, თითქმის მთელი საქართველო თბილისშია ჩამოსული და პურის ფულს ზუსტად ტაქსაობით შოულობს. ლარის გაუფასურების პირობებში, ჯერ ერთი, ტაქსში არავინ ჩაჯდება, რადგან ხალხს ფული აღარ ექნება. მეორეც, ტაქსის მძღოლი, რომელსაც გარკვეული გადასახად ექნება დაწესებული, ბუნებრივია, იძულებული იქნება, რომ მგზავრობა გააძვიროს, რადგან მხოლოდ მთავრობისთვის კი არ იმუშაოს, არამედ, ორი კაპიკი სახლშიც მიიტანოს,“ – ვარაუდობს „თაიმერის“ წყარო, რომელიც ორაზროვნად იმასაც ამბობს, რომ თუ „ნაცები“ ხელისუფლებიდან ხალხმა ცოცხებით გარეკა, „ოცნება“ შეიძლება, „მანქანების რევოლუციის“ ანაწერა გახდეს.

ზოგადად, საქართველოში „მანქანების რევოლუციის“ პრაქტიკა უკვე არსებობს – ალბათ, გახსოვთ, 13 წლის წინ, 2003 წლის ნოემბერში, „ვარდების რევოლუცია“ სწორედ მანქანების ჯაჭვით დაიწყო – „რუსთავი 2“ დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ მომავალი მანქანების კოლონას პირდაპირ ეთერში აჩვენებდა და ეს კადრი ხელისუფლების შეცვლის სიმბოლოდ იქცა.

„რაკი სიტყვამ მოიტანა, იმასაც გეტყვით, რომ ამ „მანქანების ჯაჭვს“ მაშინდელი უშიშროება აკონტროლებდა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ თუ სპეცსამსახურს არ ენდომებოდა, ეს ჯაჭვი არ „შეიკვრებოდა“ და ტელევიზიაც ვერაფერს აჩვენებდა, მაგრამ როგორც ვიცი, ვიღაცას აწყობდა, რომ ეს ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც იყო,“ – ასე დაამთავრა დღევანდელი საუბარი „თაიმერთან“ ჩვენმა რესპოდენტმა, რომელმაც ვინაობის გამხელა, გარკვეული მიზეზების გამო, არც ამჯერად ისურვა.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების სისტემატიურად დამზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიააშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი