მთავარია, პატრიარქი კარგად იყოს, თუმცა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია სჭირდება – წერეთელი

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარშემო სასიამოვნო და ორდინალური პროცესები არ ვითარდება.

წერეთელი პატრიარქის გარშემო განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავარია, პატრიარქი კარგად იყოს.

მისი თქმით, ალბათ, განცხადებას პროკურატურა გააკეთებს და საკითხს ნათელი მოეფინება.

“ბუნებრივია, ჩვენი ყურადღება კონცენტრირებულია იმაზე, რომ პატრიარქი იყოს ჯანმრთელად და მან კარგად გადაიტანოს ოპერაცია. ახლა მთავარი საზრუნავი ესაა. რაც შეეხება დაკავებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟს, ახალი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია. ჯერჯერობით არც ერთი უწყება არ საუბრობს დამატებით საკითხებზე. ალბათ, პროკურატურა გააკეთებს განცხადებას და ნათელი მოეფინება ამ ამბავს. რა თქმა უნდა, არ არის არც სასიამოვნო, არც ორდინალური ამბავი, შესაბამისად, საზოგადოებას სჭირდება მეტი ინფორმაცია, თუ რა მოხდა სინამდვილეში”, – განაცხადა წერეთელმა.

საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მამა გიორგის დაკავების ოპერაცია მათ არ ჩაუტარებიათ. მთავარ პროკურატურაში კი, საგანგებო ბრიფინგი დღეს, 14:00 საათზე დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი საოპერაციოდ შეიყვანეს, სასულიერო პირებმა კი, ჯანმრთელობის პარაკლისი გადაიხადეს
შემდეგი სტატია(video) დაპირისპირება ,,რუსთავი-2″ ის მხარდამჭერ აქციაზე