მთავარი პროკურორის მოადგილე რჩეულიშვილზე: მოვლენების განვითარებას დაველოდოთ, საბოლოო დასკვნას სამედიცინო პერსონალი დადებს

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები აქვს.

კითხვაზე – „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხომ არ შეიძლება პროკურატურის გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდეს, გოგაძე აცხადებს, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა.

„მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. საბოლოო დასკვნას სამედიცინო პერსონალი დადებს და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ. ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. ამიტომ, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს მისი გადასაწყვეტია. როგორც ყოველთვის ვაცხადებდით, ახლაც ვიტყვით, რომ მტკიცებულებები არის საკმარისზე მეტი, რათა მათი ბრალეულობა დავამტკიცოთ“, – განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ.

„ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდში ბრალდებული, კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ორი დღის წინ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი პროტესტის ნიშნად, სასამართლო სხდომებს აღარ ესწრება.

პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა გირაოთი უნდა შეიცვალოს.

banner
წინა სტატიაშითუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ჩაერთვება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მათთვისვე იქნება დამაზიანებელი
შემდეგი სტატიაამ მთავრობისთვის ძალაუფლების საკითხი პრიორიტეტულია-ხოშტარია საკონსტიტუციო კომისიაზე