მთავარი პროკურორის გადადგომა უპრეცედენტოა, მინდა მოქალაქეები კარგად დააკვირდნენ განსხვავებას, როგორ რეაგირებს საზოგადოებრივ აზრზე დღევანდელი სახელმწიფო

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 8, 2018 12:15

მთავარი პროკურორის გადადგომა უპრეცედენტოა, მინდა მოქალაქეები კარგად დააკვირდნენ განსხვავებას, როგორ რეაგირებს საზოგადოებრივ აზრზე დღევანდელი სახელმწიფო

ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტი გამოიჩინა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და თანამდებობიდან მყისიერად გადადგა, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს უპრეცედენტო ფაქტია.

„მინდა მოსახლეობას მივმართო, გააკეთონ შედარება, როდესაც თვეობით იდგა მოსახლეობა ქუჩებში და სახელმწიფოს მხრიდან არ იყო არანაირი რეაგირება, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოების მოთხოვნებზე დღევანდელი ხელისუფლება. მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილება მოხდა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, პრემიერი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი პლატფორმის შექმნას მიესალმა.

„ასევე, ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივი პლატფორმის შექმნას, რომელმაც ორგანიზებულად უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა და მე ვფიქრობ, კანონი ამის საშუალებას ასევე იძლევა“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, როგორც დაზარალებული ოჯახების წარმომადგენლები, მათი ადვოკატები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები შესაძლოა, დაესწრონ საგამოძიებო კომისიის სხდომებს.

„მნიშვნელოვანია აღნიშნოს, უპრეცედენტოა, რომ საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმცირესობა არის უმრავლესობა და თავმჯდომარე არის უმცირესობის წარმომადგენელი“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, უმნიშვნელოვანესი თვისობრივი პოლიტიკური ცვლილება მოხდა ქვეყანაში.

„ასე რომ, ეს უმნიშვნელოვანესი თვისობრივი პოლიტიკური ცვლილება მოხდა ჩვენს ქვეყანაში. მინდა ჩვენი მოქალაქეები კარგად დააკვირდნენ განსხვავებას, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოებრივ აზრზე დღევანდელი სახელმწიფო, ეს ცვლილება მოიტანა, რა თქმა უნდა, 2012 წელს განხორციელებულმა ძალიან მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ტრანსფორმაციამ.

მე, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველი ხალხის გამარჯვება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 8, 2018 12:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,552
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics