მოზარდების მკვლელობაში ერთი ბრალდებული სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, მეორე კი დამნაშავედ

„ერთ-ერთი ბრალდებული ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი, მაგრამ გამართლდა დავით სარალიძის საქმესთან მიმართებაში. მეორე ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის საქმესთან მიმართებაში, ოღონდ მოხდა გადაკვალიფიცირება მუხლის 19-109-ს მიმართულებით“,- განაცხადა ადვოკატმა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ამასთან, ჩაინიშნება სხდომა, სადაც მოზარდებს სასჯელის ვადა განესაზღვრებათ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.

პროკურატურის ცნობით, თბილისის N51-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში, მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება ხორავას ქუჩაზე გაგრძელდა და ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულებმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ და სრულად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ დ.ს. იყო სკოლის მოსწავლე და არასრულწლოვანი, ჯგუფურად, დანების გამოყენებით განზრახ მოკლეს იგი, ხოლო ლ.დ, ასევე მოკლულ იქნა ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ბ-ს მიერ.

„ჩადენილი დანაშაულისათვის გ.ჯ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ და ჯგუფურად), ხოლო გ.ბ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ე’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ)“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

https://youtu.be/rlsCrcCRUR8

 

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობა IRI-ს ქართული ოფისის ხელმძღვანელებს ხვდება
შემდეგი სტატია„მე ამ სისტემას დავანგრევ, დამიდექით გვერდით“ – ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი სასამართლოს განაჩენის შემდეგ