“მოვუწოდებ რუსეთს, უარყოს “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება”

“მოვუწოდებ რუსეთს, უარყოს „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება”,-ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა.
“საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით და რუსეთი კვლავ განაგრძობს ამ საზღვრების დარღვევას.
მოვუწოდებ რუსეთს, უარყოს „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. საქართველო ახორციელებს პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეფორმებს, რათა გაუმჯობესდეს მისი უსაფრთხოება და ეს მას ნატოში გაწევრიანებასთან დაახლოებს. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ჩვენ დაინტერესებულები ვართ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს პარტნიორობა“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სიტყვით გამოსვლისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
„უელსის სამიტის დროს შევთანხმდით, რომ საქართველოს მხარდასაჭერად არსებითი პაკეტი გადაეცემოდა. ამ ეტაპზე პაკეტის ყველა მიმართულებაზე მიმდინარეობს მუშაობა. თბილისში ნატოელი და ქართველი ოფიცრები ერთად მუშაობენ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ქართველი ოფიცრების ტაქტიკურ მომზადებას მაისში დაიწყებს.
დღეს კი მიღწეულ პროგრესს შევაფასებთ და შევთანხმდებით, თუ რა შეუძლია გააკეთოს ნატომ ამ მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ვისაუბრებთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე”,-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშისუნამო “კრასნაია მასკვა” ზუგდიდის საკრებულოს ქალი წევრებისთვის (ვიდეო)
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს საზღვრების დარღვევას