მოწმის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გაუქმება– მთავრობის პოზიცია

პროკურატურა და მთავრობა დათმობაზე მიდის და თანახმაა, “სისხლის სამართლის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტიდან ამოღებული იყოს მუხლი, რომელიც მოწმის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.
ამის თაობაზე მთავრობის პოზიცია პარლამენტს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ გააცნო, რომელმაც მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილებების პროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა.
ეს არის მუხლი, რომელთან დაკავშირებით შენიშვნები დაფიქსირდა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
“მზად ვართ, კოდექსიდან ამოღებულ იქნას 371 პრიმა მუხლი, ოღონდ იმ პირობით, რომ კოდექსში დარჩება 370-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ცრუ ჩვენებისათვის და იმ პირობით, რომ ცრუ ჩვენებისათვის პასუხისმგებლობა რამდენადმე გამკაცრდება”, – განაცხადა ბარამიძემ.
რაც შეეხება მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს, კანონპროექტის მიხედვით, ერთის მხრივ, პირს არ ექნება ვალდებულება, გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოებში და გამომძიებელს, პოლიციელს ჩვენება მისცეს. ამის სანაცვლოდ, ე.წ. გამოკითხვის ინსტიტუტი ამოქმედდება – როდესაც პირი, საკუთარი სურვლის შემთხვევაში, უფლებამოსილია, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელს ინფორმაცია მისცეს, მაგრამ ინფორმაციის მიცემის ვალდებულება არ ექნება. ამასთან, თუკი გამომძიებელს, პროკურორს აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა მომხდარი დანაშაულის შესახებ იცის, მაგრამ ამის მიუხედავად, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და გამოკითხვაზე უარს ამბობს, პროკურორის, გამომძიებლის შუამდგომლობით, ასეთი პირი შეიძლება მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხოს. ასეთ შემთხვევაში მოწმე ვალდებულია, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდეს.

banner
წინა სტატიაშიბობოხიძე – პირადი ამოცანებისთვის თუ იკლავთ თავს, თქვით
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ ახალ მეტეორადიოლოკატორს დაათვალიერებს