მოსულის განთავისუფლების ოპერაციის სირთულეები…

14793907_658853654274825_271350061_nერაყული არმიის, სახალხო პოლიციის, ქურთისტანის ,,ფეშმერგას,, და საერთაშორისო კოალიციის ერთობლივმა ოპერაციამ, რომელიც ერაყში ,,ისლამური სახელმწიფოს,, დედაქალაქად გამოცხადებული მოსულის ტერორისტებისაგან განთავისუფლებას ისახავს მიზნად, შეიძლება დამგეგმავების მოლოდინი ვერ გაამართლოს და დროისა და ტაქტიკის თვალსაზრისით ცვლილებები განიცადოს.
როგორც ცნობილია მოსულის განთავისუფლების ოპერაციაში 40.000-მდე ჯარისკაცი და 15.000-მდე სპეცსამსახურის წარმომადგენელი ,,იმუშავებს,,. ამ ოპერაციის პირველ სირთულეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ოპერაციის ხელმძღვანელებმა მიახლოებითაც არ იციან მოსულში მყოფი ISIS-ს წევრთა რაოდენობა… ამ ფაქტს მათ მიერ მოყვანილი ციფრებიც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც იქ 2-დან 7.000-მდე ჯიჰადისტია დისლოცირებული. მსგავსი სხვაობა მოყვანილ ციფრებში აშკარად ინფორმაციის სინაკლებეზე მეტყველებს.
ერაყულ წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, მოსულის აღების ოპერაცია რამდენიმე ეტაპად დაიყოფა და პირველი ეტაპი ქალაქისთვის ალყის შემორტყმა იქნება… ამის გამო ოპერაციის ხემძღვანელებმა ისლამისტებთან ყველაზე წარმატებულად მებრძოლი ქურთების შეიარაღებული ძალები ,,ფეშმერგა,, – ქალაქის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთის მიმართულებით დააყენა, რადგან ამ მიმართულებიდან უფრო დიდი საფრთხეა ISIS-სათვის დახმარების გაწევისა და შევსების მსურველთა მხრიდან… თუმცა ეს ვარიანტი ტერორისტებმაც იციან და მათ მოსულში მყოფ თანამებრძოლთა დასახმარებლად სულ სხვა გზები და მიმართულებები შეიძლება მოძებნონ.
მოსულის ოპერაციის ხელმძღვანელები ფსონს დებენ ორ უპირატესობაზე ჯიჰადისტების წინააღმდეგ, ეს გახლავთ რიცხობრივი უპირატესობა და კოალიციის საჰაერო მხარდაჭერა.
რაც შეეხება რიცხობრივ უპირატესობას, თუ ერაყის სარდლობის ხელში არსებული მონაცემები ტერორისტთა რაოდენობაზე დადასტურდება, რიცხობრივი უპირატესობა საკმაოდ შთამბეჭდავი იქნებოდა… ოღონდ გაშლილ სივრცეში ბრძოლის დროს და არა ქალაქის პირობებში, სადაც ბრძოლის უკეთესი გამოცდილება ჯიჰადისტებს აქვთ. მათ შეუძლიათ ყოველ ქუჩაზე, ყოველ სადარბაზოსთან და მოსახვევთან, თვითნაკეთი ბომბები და ხაფანგები დაუგონ ერაყული არმიის მეომრებს და ისეთი თავდაცვითი ქუჩური ბრძოლები აწარმოონ, რომელშიც ერთი-ათთან უპირატესობაც კი არაფერს ნიშნავს. ქალაქის ბრძოლების სირთულეებს და თავისებურებებს, ყველაფერზე წამსვლელი ჯიჰადისტები უკეთესად გამოიყენებენ ვიდრე მათ წინააღმდეგ მებრძოლი ოფიციალური შეიარაღებული ზალები.
აშშ-ს მიერ მართული საერთაშორისო კოალიცია საჰაერო მხარდაჭერას და ISIS-ის ობიექტების დაბომბვას ჰპირდება ერაყელებს… თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯიჰადისტებმა ქალაქში თავიანთი დისლოკაციის ადგილები ისე გამოყონ, რომ ისინი ავიაციის ღია სამიზნედ აქციონ. ტერორისტები აუცილებლად შეეცდებიან, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა როგორც ფარად, ასევე მძევლებად გამოიყენონ… თუ ავიაცია თავისი დარტყმებით მსვიდობიან მოსახლეობასაც გაანადგურებს, ამას ისლამისტები აუცილებლად პროპაგანდისთვის და ქალაქის მოსახლეობის საბრძოლო მოქმედებებში ჩასაბმელად გამოიყენებენ.
ასე, რომ მოსულის განთავისუფლების ოპერაციის ხელმძღვანელთა გეგმებმა, ორიოდე კვირაში მინიმალური დანაკარგებით ISIS დაამარცხონ, შესაძლებელი დიდი კორექტირება განიცადოს და დროის თვალსაზღისითაც დაგეგმილზე ბევრად უფრო გაიწელოს… თუმცა საბოლოო ჯამში ტერორისტთა ,,ისლამური სახელმწიფოს,, ერაყული დედაქალაქის დაცემა გარდაუვალია.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო საზოგადოება პარტიებს: მოუწოდეთ ამომრჩეველს, II ტურში ხმა ოპოზიციას მისცეს
შემდეგი სტატიაავსტრიაში აპირებენ დაანგრიონ სახლი, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა