“მოსკოვის მერიის ტენდერის საკითხი ჩვენთვის საინტერესო არ არის”

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ
ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ცხრა მაისთან დაკავშირებით მოსკოვის მერიის გეგმები, ოფიციალური თბილისისათვის საინტერესო არ არის.

 

საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ამბობს, რომ ყოველწლიურად ცხრა მაისს საქართველო პატივს მიაგებს ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და შესაბამის ღონისძიებებსაც მართავს.
ასე პასუხობს კახა კალაძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსკოვის მერია ცხრა მაისს ევროპის 11 ქალაქში, მათ შორის თბილისში, საზეიმო ღონისძიებების გამართვას გეგმავს.
კახა კალაძე ამბობს, რომ მოსკოვის ამ სურვილის შესახებ საქართველოში ცნობილი არაფერია და თუ რომელიმე კომპანია საქართველოს ამ სურვილით მიმართავს, ეს ოფიციალური თბილისისთვის საინტერესო არ იქნება.
“ცხრა მაისს ჩვენ ყოვლწვიურად გარკვეულ ღონისძიებებს ვაკეთებთ, პატივს ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც მეორე სამამულო ომში იბრძოდნენ. ამ ადამიანებს სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა მაქსიმალური ხელშეწყობა, პატივისცემა. იმ ღონისძიების შესახებ, რასაც თქვენ მეუბნებით, მე მგონი არ არის ჩვენთვის საინტერესო ეს”,- განაცხადა კახა კალაძემ.
9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, მოსკოვის ხელისუფლება ევროპის 11 ქალაქში და მათ შორის თბილისშიც, საზეიმო ღონისძიებების გამართვას გეგმავს და ამ მიზნით ტენდერს ატარებს.
შესაბამისი ოფიციალური სატენდერო განცხადება უკვე ატვირთულია რუსეთის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე. სატენდერო განაცხადში მითითებულია, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ორი კონფერენციის ჩატარება – “ფაშიზმისაგან მოლდოვის დაცვისა და გათავისუფლებისას საბჭოთა მეომრების მიერ გამოვლენილი თავდადება უკვდავია” და “მეორე მსოფლიო ომი და ბალტიის ქვეყნები 1939-1945 წლებში”; ასევე საზეიმო ცერემონიალის ჩატარება სახელწოდებით “ჩვენ დავიცავით მოსკოვი!”
banner
წინა სტატიაში(FOTO)როგორ გამოიყურება ურეკის გრანდიოზული საკონცერტო დარბაზი
შემდეგი სტატია“ბატონი დაულის განცხადება მხოლოდ მისი სუბიექტური აზრია”