მოსახლეობა თვლის, რომ ხდება უკანონოდ ფარული მიყურადება – IDFI-ს კვლევა

ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი 2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა. ამის შესახებ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” კვლევაშია ნათქვამი. როგორც IDFI-ში აცხადებენ, საზოგადოებას კვლავ აქვს განცდა, რომ სამართალდამცველები არაკანონიერად იყენებენ ფარული მიყურადების ტექნიკურ საშუალებებს. კვლევის მიხედვით, უახლესი გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი აზრი ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით 2013 წლის შემდეგ დიდად არ შეცვლილა და საზოგადოებაში კვლავ არსებობს იმის განცდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები არაკანონიერად იყენებენ ფარული მიყურადების ტექნიკურ საშუალებებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული უკანონო მიყურადების საქმეების გამოძიებაში, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების გაგრძელებამ გააძლიერა ეჭვი, რომ გრძელდება უკანონო თვალთვალის სისტემური პრაქტიკა, რომ ხელისუფლებას არ სურს საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვა და რომ ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს ეფექტური რეფორმა.

2014 წლის დეკემბრიდან დაიწყო რეფორმა, რომლის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) გამოეყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს), რომელსაც დაეკისრა უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის ფუნქციების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, სუს-ის უფლებამოსილება უნდა შემოფარგლულიყო დაზვერვითი და ანალიტიკური საქმიანობით, მას მაინც მიენიჭა საგამოძიებო და საპოლიციო უფლებამოსილებები. რეფორმამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა შსს-სა და სუს-ს შორის ფუნქციების პოტენციური დუბლირების, აგრეთვე ახლადშექმნილ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე სამოქალაქო თუ საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შეზღუდული რესურსის გამო.

2015 წლის 31 მარტს ამოქმედდა მიყურადების ე. წ. „ორგასაღებიანი“ სისტემა, რომლის მიხედვითაც, მიყურადების განსახორციელებლად სამართალდამცავ ორგანოებს სასამართლო ნებართვის გარდა სჭირდება ელექტრონული ნებართვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან. ინსპექტორის ინსტიტუტისადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობიდან გამომდინარე, ახალი სისტემა დადებითად შეიძლება შეფასდეს. თუმცა, როგორც გაირკვა, ორგასაღებიანი სისტემის არსებობა მაინც ვერ უზრუნველყოფს უკანონო მიყურადების სრულფასოვან პრევენციას, რადგან ძალოვან უწყებებს კვლავ დარჩათ ტექნიკური შესაძლებლობა სასამართლოსა და ინსპექტორის გვერდის ავლით განახორციელონ ფარული მიყურადება.

2016 წლის აპრილში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სუს-ის ტექნიკური წვდომა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებთან, რაც იძლევა კომუნიკაციის შეუზღუდავი მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას. გადაწყვეტილების მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმს ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების პროცესზე. ერთადერთი ბერკეტი, რაც ამ შემთხვევაში გააჩნია პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, არის მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა 2017 წლის 31 მარტი, როგორც ბოლო ვადა იმისთვის, რომ გატარდეს საკანონმდებლო ცვლილებები და მომზადდეს ახალი სისტემისთვის საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ბაზა. ამ მიზნით, კამპანია „ეს შენ გეხებაში“ მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მოამზადეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გულისხმობდა სამი ახალი ინსტიტუტის შექმნას: 1. თვალთვალის სპეციალური სააგენტო; 2. საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო; 3. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. უნდა გაზრდილიყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საზედამხედველო უფლებამოსილებები ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით. თუმცა, კანონპროექტის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ინიცირება ვერ მოხერხდა.

ამავე დროს, ორგასაღებიანი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე სრულყოფილ სასამართლო კონტროლს, რადგან სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ დარჩათ შესაძლებლობა განახორციელონ კონტრდაზვერვითი ან საიდუმლო საგამოძიებო საქმიანობები (როგორიცაა საიდუმლო აუდიო ან ვიდეო ჩაწერა, ვიდეო ან ფოტოგადაღება ა.შ.) სასამართლოს ნებართვის გარეშე; აგრეთვე, კონტრდაზვერვითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, მათ აქვთ უფლება განახორციელონ ელექტრონული კავშირის ერთი მონაწილის წერილობითი თანხმობით. აღნიშნულ საკითხზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა 2015 წლის 16 ნოემბერს,”-ნათქვამია კვლევაში.

banner
წინა სტატიაშისაპროცედურო საკითხთა კომიტეტი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” შექმნის საკითხს განიხილავს
შემდეგი სტატიაურეკში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა