“მორალი – სულ ვიმეორებ ამას და მოგიწოდებთ თქვენც”- კალაძე “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს

მორალი – სულ ვიმეორებ ამას და მოგიწოდებთ თქვენც, მიუხედავად ოპონირებისა, ეს ღირებულება წამოვწიოთ წინ ახალი პოლიტიკური რეალობის ერთობლივად შექმნის გზაზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც დარბაზიდან გასულ “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” დღევანდელ ხელისუფლებას აბრალებს წარსულში მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს.
“თქვენ წარმოიდგინეთ, რომ შესაძლებელია პოლიტიკური ოპონირება და რეიტინგის დაგროვება მუდმივად ქვეყნის ინტერესებისთვისთვის ზიანის მიყენების გარეშეც კი, არა დემაგოგიით და სიცრუით, რასაც თქვენ, “ნაციონალური მოძრაობა” ახორციელებთ.

ის რასაც ხალხი ვერ ხედავდა, ან ხმას ვერ იღებდა შიშის გამო, გამჟღავნდა და გამოჩნდა ახლა. ბევრი შეცდომა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩაისახა, ბრალდება ახლანდელ ხელისუფლებას.

ჩვენ ახლა დემოკრატიის მშენებლობის იმ სტადიაზე ვართ, როდესაც შავ სამუშაოებს ვასრულებთ. სამშენებლო ნაგავი უნდა გავიტანოთ და საძირკველის გამყარება დავიწყოთ აუცილებლად. ამ დროს ეს ადამიანები არამარტო ხელს გვიშლიან, არამედ თავის გაფუჭებულ საქმეებს გვაბრალებენ, რაც მინიმუმ საწყენია”, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე ფიქრობს, რომ პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, უცნობი, არაგამარგინალებული სახეები უნდა შემოვიდნენ. მისი თქმით, ახალ გამოწვევებს, დემოკრატიისა და მაღალპროფესიონალური პოლიტიკური სპექტრის ფორმირებას ახალი სახეები სჭირდება.

“რაც შეიძლება მალე ქართული პოლიტიკა უნდა გამოვიდეს იმ არანორმალური მდგომარეობიდან, აგრესიის და დესტრუქციის სტადიიდან და უნდა გავიდეს ახალ საფეხურზე, ღირსეული ოპონირებით და მკვეთრი პოლიტიკური კონცეფციით.

ჩვენ უნდა ვიყოთ ახალი პოლიტიკური რეალობის შემქმნელები. პოლიტიკა ქვეყნისთვის საქმის კეთება უნდა იყოს და არა დემაგოგიის, საბოტაჟის, ხალხის აგრესიაზე და მოტყუებაზე აგებული რეიტინგები.

ვინც ამ საქმეში მიიღებს მონაწილეობას, აქვს პოლიტიკური მომავალი, ვინც არა დარჩება წარსულში და დავიწყებას მიეცემა”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმაიკლს ბლუმბერგი აშშ-ს საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა
შემდეგი სტატიალევან გაჩეჩილაძე: ინოვაციური მოსაზრებები მაქვს, რომ “მაესტრო” უფრო აკადემიური გახდეს