“მოქმედი კანონმდებლობა საკმაოდ ლმობიერია იმ დანაშაულის მიმართ, რაც დღეს გვაქვს”

საიას” ხელმძღვანელ, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა საკმაოდ ლმობიერია.

 

ნაცვლიშვილის განცხადებით, მსგავს შემთხვევაში, კანონის გამკაცრება შესაძლოა, იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თუმცა არასაკმარისი.
“კანონის გამკაცრება შეიძლება იყოს ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ არა – საკმარისი. მხოლოდ კანონის სიმკაცრე, თუ ლმობიერება არ ქმნის ამას. დღეს მოქმედი კანონმდებლობა საკმაოდ ლმობიერია იმ დანაშაულის მიმართ, რაც დღეს გვაქვს სახეზე”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა
ამასთან, როგორც ანა ნაცვლიშვილმა მთავრობის საპარლამენტო მდივნთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავარი პრობლემა, რომელიც სამართალდამცავ უწყებებშია, ის რეფორმებია, რომლებიც გატარდა, თუმცა არა  – სრულყოფილად.
“მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ, ის არის, რომ რეფორმები, რომელიც გატარდა, არ იყო სრულყოფილი და ამ რეფორმებმა ვერ უზრუნველყო აღნიშნული უწყებების სრული დეპოლიტიზება, დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება. სამწუხაროდ, საპარლამენტო ფორმატში არც კი დასმულა საკითხი იმის შესახებ, რომ მოიწვიონ სამართალდამცავი უწყებები და პარლამენტმა თავისი ვალდებულება განახორციელოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებმაც ეს სისტემა შექმნეს, დატოვეს თუ არა თანამდებობები, საზოგადოებისთვის უცნობია”, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
banner
წინა სტატიაშითბილისის მერია “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხობს
შემდეგი სტატიაგანზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა