მოქალაქეებს, რომელთაც სესხი დოლარში 2015 წლის იანვრამდე აქვთ აღებული, კრედიტის ლარში გადატანა შეეძლებათ

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად, ე.წ. ლარიზაციის გეგმა შეიმუშავა.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეებს, რომელთაც სესხი დოლარში 2015 წლის იანვრამდე აქვთ აღებული, კრედიტის ლარში გადატანა შეეძლებათ.

„მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ნაბიჯები. ამ გეგმის მიხედვით, როგორც ერთჯერადი სოციალური აქცია, 2015 წლის პირველ იანვრამდე, ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა არსებული კურსის მინუს 20 პუნქტის ოდენობით მოხდება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, თუ კურსი 2.5 იქნება, აშშ დოლარში არსებული სესხის კონვერტაცია 2.30-იანი ნიშნულით მოხდება.

„ამ სესხებზე წინასწარ დაფარვის საკომისიოც გაუქმდება. ბანკები ვალდებული იქნებიან, გადაწყვეტილების მიღებიდან ათ დღეში, ყველა კლიენტს შეტყობინება გაუგზავნონ, ვისაც ეს გადაწყვეტილება პოტენციურად შეეხება, რაც ლარის კურსზე ზეწოლას საგრძნობლად შეამცირებს“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა შს მინისტრს დაავალა, რომ ციმციმებიანი ავტომანქანების მოძრაობა მაქსიმალურად შეიზღუდოს