მოკლული ელჩის მეუღლე: ყველასთან ერთად, მეც იატაკზე ვიწექი

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მეუღლე მარინა კარლოვა ანკარაში მომხდარი მკვლელობის დროს, ქმრის გვერდით, გამოფენაზე იმყოფებოდა. რუსული მედია ავრცელებს პოლიციისთვის მის მიერ მიცემულ ჩვენებას, როგორ იხსენებს მომხდარ ფაქტს ელჩის ქვრივი.
„ყველასთან ერთად, მეც იატაკზე ვიწექი. გამოფენაზე უამრავი ადამიანი იყო. ყველანი შოკირებული ვიყავით მომხდარის გამო. გონზე რომ მოვედი, უკვე საავადმყოფოში მივდიოდით. მგონია, რომ ჩემი ქმარი უკვე მკვდარი იყო. მას 11-ჯერ ესროლეს. პრინციპში, ჩვენ დაცვა არ გვყოლია. იშვიათად, თარჯიმანი გვახლდა.
როდესაც საავადმყოფოში მივედით, ანკარის მერი და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მოვიდნენ, დიდხანს ისაუბრეს და შემატყობინეს, რომ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. შოკში ვარ, ძალიან ცუდად გავხდი. ჩემს ქმარს ცუდი არავისთვის გაუკეთებია, მას არავინ ემუქრებოდა, თორემ მეცოდინებოდა.
ჩვენ რომ ფოტოგამოფენაზე მივდიოდით, ბევრმა იცოდა, რადგან ეს ღონისძიება წინასწარ იყო დაგეგმილი“, – განუცხადა ელჩის ქვრივმა თურქ სამართალდამცველებს.
რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის, მარინა კარლოვა ექიმების ზედამხედველობის ქვეშაა.
ანდრეი კარლოვს ახალგაზრდა მამაკაცმა ზურგიდან ესროლა. თავდამსხმელი ყოფილი პოლიციელი აღმოჩნდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს ინფორმაციით, რუსეთის ელჩის მკვლელი პოლიციაში ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში მუშაობდა. მისივე განმარტებით, თავდამსხმელი 22 წლის იყო. პოლიციამ მისი ლიკვიდაცია მოახდინა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ცივილიზებულმა სამყარომ აზროვნება უნა შეცვალოს
შემდეგი სტატიააშშ-ს ამომრჩეველთა კოლეგიამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად აირჩია