მკაფიო სიგნალი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით

ამერიკული გამოცემა The Hill ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის წერილს აქვეყნებს.

მინისტრი საქართველოს მიმართ აშშ-ისა და ევროპის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს. დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ დასავლეთთან თანამშრომლობით, ქვეყნის ხელისუფლება უსაფრთხო და დემოკრატიულ მომავალს უზრუნველყოფს.

გასული კვირა განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩემი ქვეყნისთვის. სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ნატომ და ევროკავშირმა, მართალია, განსხვავებული გზებით, მაგრამ ერთხმად გამოხატეს საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და განვითარებისადმი თავიანთი მტკიცე მხარადაჭერა.

8 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ ხმათა დიდი უმრავლესობით (410-6) მიიღო რეზოლუცია #660, რომელშიც აისახა ამერიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ამ კანონპროექტის ინიციატორები არიან კონგრესმენები ტედ პო (რესპუბლიკელი; ტეხასი) და ჯერი კონელი (დემოკრატი; ვირჯინია), ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფის თანათავმჯდომარეები. რეზოლუციას ორივე პარტიამ დაუჭირა მხარი.

ეს კანონპროექტი არის მნიშვნელოვანი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს, როგორც რუსეთის მიმდინარე აგრესიის წინაშე მდგარი თავისი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის, ასევე მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ. რეზოლუციის ერთ-ერთი ნაწილი შეიცავს გზავნილს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მტკიცე და მჭიდრო მეგობრული კავშირების შესახებ.

გარდა ამისა, 7-8 სექტემბერს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სრული შემადგენლობა ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოში, რომლის დროსაც გაიმართა დისკუსიები ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების, ალიანსთან შეთანხმებული მოქმედების გაუმჯობესების და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების გზების შესახებ. სულ ახლახან ჩვენ აღვნიშნეთ საქართველო-ნატოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის გახსნის წლისთავი. საქართველოს მხრიდან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობს მებრძოლთა ასეული, ხოლო ალიანსის წევრები უზრუნველყოფენ საქართველოს საჰაერო თავდაცვისა და დაზვერვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მხარდაჭერას.

დაბოლოს, გასულ კვირაში ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ვიზების ლიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეთათვის, რაც წარმოადგენს ბოლოსწინა ნაბიჯს ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დაწესების გზაზე. ეს კი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების გაფორმებასთან ერთად, გაამყარებს საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის ნამდვილი და ინტეგრირებული წევრის, პოზიციებს.

ამ კვირაში მე მივემგზავრები ვაშინგტონში, რათა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს საქართველოს მხარდაჭერისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში. ჩვენ დღესაც ვაწყდებით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ტრაგიკულ შედეგებს. ჩვენი ტერიტორიების ოცი პროცენტი დღესაც ოკუპირებულია და ასობით ათასმა ადამიანმა იძულებით დატოვა საცხოვრებელი ადგილი.

გარდა ამისა, მოსკოვმა დაიწყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცოცავი ანექსია, რისთვისაც ის ახორციელებს ამ რეგიონების სამხედრო, ეკონომიკური და სოციალური სისტემების ინტეგრაციას რუსეთში, რითაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ამ კონტექსტში ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერას დღესაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარებისთვის. მხარდაჭერისა და მეგობრობის ამსახველი ხსენებული დოკუმენტები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ მტკიცე კავშირებს, რომლებიც აერთიანებს საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან.

ზაფხულში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტმა თბილისში ცხადყო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა. მე და მდივანმა კერიმ ხელი მოვაწერეთ ჩვენს ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართულებების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას.

ჯონ კერის ვიზიტის დროს ჩვენ წამოვიწყეთ ახალი ინიციატივა ჩვენი ეკონომიკის განსამტკიცებლად ქართველი ბიზნესმენების კომპეტენციების გაუმჯობესების, სოფლად მეურნეობების შემოსავლების გაზრდის და საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების (აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჩათვლით) მონაწილეობის უზრუნველყოფის გზით.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქართველი ხალხის ერთგულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის საქმეში. საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს, მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა, აერთიანებთ ერთი ოცნება – ნატოსა და ევროკავშირის წევრობა. ქართველებს მეტი თავისუფლება და შესაძლებლობები სჭირდებათ, რათა ქვეყანას ჰქონდეს აყვავებული და დემოკრატიული მომავალი, რომელიც ყველას გაგვაერთიანებს.

8 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც უკვე სამი თვეა მიმდინარეობს თავისუფალ, მშვიდ და კონკურენტულ გარემოში, არ დაფიქსირებულა არც ერთი მნიშვნელოვანი ინციდენტი და მკვეთრად განსხვავდება წინამორბედებისგან არც თუ ისე შორი წარსულიდან. მართალია, არჩევნების მონაწილე ბევრ პოლიტიკურ ძალას შორის არის პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველა ძირითადი პარტია ერთსულოვნად ემხრობა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა მომავალი არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. დარწმუნებული ვარ, რომ მის შედეგებში აისახება ქართველი ხალხის ნება. ეს არჩევნები გახდება კიდევ ერთი ისტორიული მოვლენა საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო თავდაუზოგავად შრომობს უსაფრთხო, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის უზრუნველსაყოფად.

წყარო: http://thehill.com/blogs/congress-blog/foreign-policy/295780-a-clear-signal-on-georgias-future

banner
წინა სტატიაშიუფასო სამედიცინო გამოკვლევები და მედიკამენტები აფხაზეთიდან დევნილებისათვის – აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს მორიგი აქცია
შემდეგი სტატიასაცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 107 დევნილ ოჯახს გადაეცემა