მივიღებ გამოწვევას ჩემი კანდიდატურის წარსადგენად მთავარი პროკურორის თანამდებობაზე

მივიღებ გამოწვევას ჩემი კანდიდატურის წარსადგენად მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, თუმცა ვფიქრობ, მმართველი გუნდი ამას არ დაუშვებს, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომელსაც მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატად „ევროპული საქართველო“ ასახელებს.

„მაშინ, როდესაც სამწუხაროდ საქართველოში კვლავ ასე მწვავედ დადგა სამართლიანობის მოთხოვნა, როდესაც საზოგადოებამ უნდობლობა გამოუცხადა ქვეყნის მთავარ პროკურორს, რის შედეგადაც ის გადადგა, თუ საზოგადოება, მისი გარკვეული ნაწილი ჩემს მიმართ გამოხატავს ნდობას სამართლიანობის აღდგენის, სამართლის დაცვისა და მისი მსახურების საკითხში, მე არ გავექცევი ამ პასუხისმგებლობას და მივიღებ ამ გამოწვევას“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისი თქმით, კანონმდებლობის მიხედვით, მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხს წყვეტს მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალა.

„ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს ჩემი კანდიდატურის დანიშვნას, მაგრამ ახლა მე ჩავთვალე თავი ვალდებულად, გამეკეთებინა განცხადება და გამომეხატა ჩემი პოზიცია „ევროპული საქართველოს“ მიერ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით.

ვაცხადებ, რომ არ გავურბივარ ამ პასუხისმგებლობას და თანხმობას ვაცხადებ ამ შემოთავაზებაზე“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

„ევროპული საქართველო“ მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა შავგულიძის კანდიდატურას წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილი სუს–ის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ტელევიზორს მიჩერებულო ,,მოაზროვნე ქართულო საზოგადოებავ