მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი

მედიაში მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულებისთანავე, მომავალი მინისტრების კონკრეტული გვარები სახელდება.

„ქართულ ოცნებაში“ არ აკონკრეტებენ, თუ როგორ დაკომპლექტდება მინისტრთა კაბინეტი, თუმცა ტელეკომპანია „იმედისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ფინანსთა მინისტრის პოსტზე ნოდარ ხადურს ეკონომიკის მოქმედი მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია გახდება, პარლამენტის თავმჯდომარედ კი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მოიაზრება.

რაც შეეხება კახა კალაძეს, „ქრონიკის“ ინფორმაციით, იგი ენერგეტიკის სამინისტროს უბრუნდება, ხოლო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე დაიკავებს.

გავრცელდა ინფორმაცია „ქართული ოცნების“ წევრის მამუკა მდინარაძის შესაძლო მინისტრობის შესახებაც, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას თავად მდინარაძე არ ადასტურებს.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებებზე მუშაობა დაწყებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას ნოდარ ხადური ტოვებს, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაანაცვლებს.

„მაესტროს“ ცნობით, ეკონომიკის მინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურა განიხილება. ასევე, სავარაუდოდ, პოსტს დატოვებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომლის შემცვლელად თავდაცვის მოქმედი მინისტრი ლევან იზორია სახელდება.

ცვლილებებს სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც პროგნოზირებენ. კერძოდ, ლევან დავითაშვილს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე შეცვლის.

რაც შეეხება ენერგეტიკის სამინისტროს, უწყებას კვლავ კახა კალაძე უხელმძღვანელებს.

ფინანსთა მინისტრის შესაძლო შეცვლაზე ავრცელებს ინფორმაციას ასევე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“. კერძოდ, მედიასაშუალების ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის მოქმედი მინისტრი სავარაუდოდ, ფინანსთა მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება „რუსთავი 2“-მა დიმიტრი ქუმსიშვილთან სცადა, თუმცა მინისტრმა ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

„ეს პრემიერის პრეროგატივაა. ბევრი კონსულტაცია მიმდინარეობს. ვერ დაგიდასტურებთ ვერაფერს“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუმცა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკვე განაცხადა, რომ ცვლილება სავარაუდოდ, ორ-სამ სამინისტროს შეეხება.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: იმამყულიევი წინააღმდეგ შესაძლოა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს
შემდეგი სტატიარა მოხდა აზერბაიჯანის საზღვართან, სადაც გოგი თოფაძე სანადიროდ იყო?!