მიმართვა პოეტებს, მწერლებს, ცნობად სახეებს – რიგითი რაზგოევის გადასარჩენად

ადამიანის უფლებათა დამცველი სოფია ხორგუანი სოლოლაკში მცხოვრები იურა რაზგოევის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მწერლებს, პოეტებს, ცნობად სახეებს მიმართავს და დახმარებას სთხოვს. სოფია ხორგუანის თქმით, იურა რაზგოევს ადამიანის დაჭრას ედავებიან,იმის მიუხედავად, რომ დაზარალებულის თქმით, ის დანაშაულის ადგილზე ფიზიკურად არ ყოფილა. უფლებადამცველი პოეტებს და მწერლებს “ფეისბუქის” საკუთარი გვერდიდან მიმართავს დაეხმარონ “რიგითი რაზგოევის გადასარჩენად”:

“ღია წერილი ცნობად სახეებს, პოეტებს, მწერლებს, ექსპერტებს
რიგითი რაზგოევის გადასარჩენად!
ის პოეტი არ არის, ობოლი ბიჭია მაჩაბლის ქუჩიდან. იურა რაზგოევი ორი თვის წინ დააკავეს და ციხეში ჩასვეს. სოლოლაკში ვიღაცამ ვიღაცა დაჭრა და სტატისტიკა რომ არ გაფუჭებულიყო, სტაცეს ხელი იურას და ჩასვეს. იმ 9 წლის დროსაც ასე სტაცეს ხელი და ჩასვეს. უბანში ქურდობა ხომ უნდა გაეხსნათ. ძველი ბიჭები საარჩევნოდ სჭირდებოდათ. სტატისტიკა კი მსხვერპლს ითხოვდა.
იანვარში სასამართლოს ველოდებით. მთელმა უბანმა იცის, იურა იქ არ ყოფილა, დაჭრილიც იგივეს ამბობს. მტკიცებულებები არ არსებობს ორი მოწმის ყალბი ჩვენების გარდა. მაგრამ სასამართლოს ველოდებით. მდუმარედ და მშვიდად. იურამ სამსახური დაკარგა, ავადმყოფი დედა ისე დაუძლურდა, გარეთ ვეღარ გამოდის და რა სინათლეც ჰქონდა დარჩენილი, ისიც აღარ აქვს თვალში.
მე არ გეკითხებით, სად იყავით თქვენ იმ 9 წლის დროს, ან ორი თვის წინ, იურა როცა დააკავებს. მაგრამ ახლა ვიცი, სად ხართ და ისიც ვიცი, ხმამაღალი პროტესტის თქმაც შეგიძლიათ. ჰოდა, მომეშველეთ. რიგითი რაზგოევის გადასარჩენად.
მინისტრმა თქვა, პრობლემები გვაქვს, რეფორმა გვჭირდება და მომეხმარეთო. რომ თქვა ღიად და პირდაპირ, კარგი იყო ეს. მივეხმაროთ.
სანამ რუსულ რულეტკას ვეთამაშებით ყოველდღიურობას.
თუ გაგიმართლებს, კარგი ექიმი შეგხვდება. ან ისეთი, ორსულ ქალს სახლში რომ გააბრუნებს და დაბადების შანს მოუსპობს პატარას, რომელსაც არ გაუმართლა.
თუ გაგიმართლა, ბაღის მასწავლებელი არ დასჯის შენს ბავშვს აუტიზმის გამო და სხვა მშობლებიც თვალს აარიდებენ.
თუ გაგიმართლა, კარგი ჟურნალისტი შეგხვდება, თუ გაგიმართლა კარგი ადვოკატი. ან იქნებ არ გაგიმართლოს.
თუ გაგიმართლა, შეიძლება პოეტი გერქვას ან მსახიობი. და შენს მეგობრებს ლამაზად წერა და ლაპარაკი შეეძლოთ.
იურა რაზგოევს არ გაუმართლა. მე ლამაზად წერა არ ვიცი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს პრობლემები წლებია დაგროვდა და ყველამ თუ არ ვუშველეთ ერთად ერთმანეთს, ვერ გავარღვევთ მოჯადოებულ წრეს. რეფორმები გვჭირდება, კარგი გადაწყვეტილებები, მეტი პასუხისმგებლობა, მეტი მოქალაქეობა.  თითქოს რა იოლია, იყო ადამიანის და სიმართლის მხარეს, ოღონდ ნუ მეტყვით, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს”.

banner
წინა სტატიაშიპანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი – ჩვენ გვინდა, დროულად და ობიექტურად გამოიძიონ სპეცოპერაციის საქმე
შემდეგი სტატიაირანში მასობრივ პროტესტს სისხლისღვრა მოჰყვა