მიხეილ სააკაშვილი – უკრაინის პრეზიდენტი იტყუება

მოძრაობა „ახალი ძალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ პოლონეთში მისი რეადმისიის კანონიერების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი იტყუება.

„დღეს პეტრო პოროშენკო პრესკონფერენციაზე შეეხო ჩემს საკითხს. მან თქვა, რომ ჩემთან მიმართებაში ყველაფერი კანონის შესაბამისად იყო. არ შეიძლება ასე თავხედურად მოტყუება. რომელ ნორმალურ ქვეყანაში გინახავთ, რომ ადამიანს თმებით ექაჩებოდნენ, არ მომცეს სასამართლო წესით თავდაცვის საშუალება, ჩამომართვეს მოქალაქეობა ყალბი ხელმოწერით”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გაკეთებული მიმართვისას.

სააკაშვილის თქმით, პოროშენკომ დაბლოკა მისი ინიციატივები, როდესაც ის ოდესის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.

„მან თქვა, რომ ოდესაში მიმიპატიჟა, მომცა ყველა შესაძლებლობა, მე კი იმედები ვერ გავამართლე. მსუბუქად რომ ვთქვა, პრეზიდენტი სიმართლეს არ ამბობს. სინამდვილეში, მან დაბლოკა ჩვენი წამოწყებები. მან პირადად გასცა ოდესის რეფორმის პაკეტის დაბლოკვის განკარგულება” -აცხადებს სააკაშვილი.

უკრაინის პრეზიდენტმა 2018 წლის გეგმების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე, სააკაშვილის პოლონეთში რეადმისიის შესახებაც ისაუბრა.
„მიხეილ სააკაშვილისთვის პასპორტი მე არ წამირთმევია, თუმცა მოქალაქეობა შეგნებულად მივანიჭე. მე, ისევე, როგორც უმრავლესობა, მოხიბლული ვიყავი პერსპექტივებით, რომლის მოტანაც ბატონ სააკაშვილს უკრაინაში შეეძლო. ამიტომ, ვეცადე, მისთვის ყველანაირი შესაძლებლობა შემექმნა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პოროშენკომ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცა საშუალება მაღალ თანამდებობებზე დაენიშნა საკუთარი გუნდის წევრები: ოდესის პოლიციის უფროსად ლორთქიფანიძე, უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელად ხატია დეკანოიძე, გენერალური პროკურორის მოადგილედ – დავით საყვარელიძე.

„არავის ჰქონდა ისეთი შესაძლებლობები, როგორც სააკაშვილს, რომ შედეგი ეჩვენებინა. თუმცა ყველამ ვნახეთ, რომ შედეგი არ იყო“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

პეტრო პოროშენკო თქმით, როდესაც შეიტყო, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დარღვევით მიიღო, მას მოქალაქეობის ჩამორთმევის გარდა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

„როდესაც მივიღე შესაბამისი დოკუმენტები მოქალაქეობის მინიჭების დროს დაშვებული დარღვევების შესახებ, მე ქცევის სხვა მოდელი არ მქონდა, კონსტიტუციის შესაბამისად, მისი მოქალაქეობის შეწყვეტის გარდა“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

banner
წინა სტატიაშისობჩაკმა ჟირინოვსკის წყალი შეასხა (ვიდეო)
შემდეგი სტატიატრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს სახელმწიფო საიდუმლოზე წვდომა შეუწყვიტეს