მიხეილ სააკაშვილი: წარმომიდგენია, რომ სახელმწიფო კანცელარია სასტუმროდ გადავაკეთოთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სასტუმრო “ბილტმორ თბილისის” გახსნას ეხმაურება.

მისი თქმით, არნიშნული სასტუმროს პროექტში, ისევე როგორც სხვა აღმშენებლობით პროექტებში, მთელი გული ჩადო.

“დღეს, თბილისში იხსნება საქართველოს საუკეთესო სასტუმრო “ბილტმორ თბილისი”. შევარდნაძის დროს ამ ადგილას უმახინჯესი ბეტონის საცხოვრებელი კორპუსი ჩადგეს კანონის უხეში დარღვევით. სწორი ვქენით, რომ ეს კორპუსი ავიღეთ, თან თითოეულმა მაცხოვრებელმა უკეთესი ბინა მიიღო პირველი სკოლის გვერდით. შემდეგ დავარწმუნე ჩემი ემირატელი მეგობარი შეიხი ნაჰაიანი, რომ ჩაედო ფული სასტუმროს მშენებლობაში.

ამ კლასის სასტუმრო საქართველოში ჯერ არ აშენებულა, ის ასაქმებს ათასობით ადამიანს და მაღლა სწევს საქართველოს მარკას. ვიცი, რომ ბევრისთვის ამ სასტუმროს მასშტაბი ზედმეტად ამოვარდნილია გარემოდან, არქიტექტურის მიმართ მეც კი მაქვს შენიშვნები, მაგრამ მაინც, ეს შენობა ყველა შემთხვევაში უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენს დადაქალაქს და ამიტომ არცერთი წუთით არ ვნანობ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე მის აშენებაში. ისევე, როგორ “იმელი” გადაკეთდა სასტუმროდ, ასევე წარმომიდგენია, რომ სახელმწიფო კანცელარია გადავაკეთოთ სასტუმროდ, ხოლო პარლამენტის ძველი შენობა რუსთაველზე სჯობს ერთ-ერთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს გადაეცეს კამპუსის გასათავსებლად.

ამ სასტუმროს, ისევე როგორც ასობით სხვა აღმშენებლობით პროექტში მთელი გული ჩავდე. ყოველთვის 100% შედეგი არ მქონდა, მაგრამ, იმედია, შანსი მოგვეცემა ამ დიდი აღმშენებლობის გაგრძელების ახალი ენერგიით თითოეული ადამიანის საკეთილდღეოდ”,- აღნიშნულია სააკაშვილის პირად “ფეისბუქ” გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისარფის სასაზღვრო პუნქტთან დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
შემდეგი სტატიამტკვარზე სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გახსნა