მიხეილ მაჭავარიანი: საქართველოს ვალები მშპ-სთან მიმართებაში იზრდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს ვალები მშპ-სთან მიმართებაში იზრდება.
„20 ივნისს ტარდება კონფერენცია – „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო – მიღწევები და გამოწვევები“. სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი ისაუბრებს, თუ როგორ კარგ მდგომარეობაში ვართ მე-4 საუკეთესო წელს ,,საქართველოში ყველაფერი კარგადაა, ჩვენ გვყავს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მთავრობა მსოფლიოში”. იმედია, ამ ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები (არ ვსაუბრობ 20/30-ის ექსპერტებზე, რომელთა პოლიტიკური მიკერძოება და პოლიტიკური განწყობები ნათელია) გაგვცემენ პასუხს რამდენიმე კითხვაზე:
1)რატომ იზრდება საქართველოს ვალები მშპ-სთან მიმართებაში მაშინ, როცა მშპ-თან მიმართებაში ვალი 2003 წელს იყო 43%, 2007 წელს დაიწია მინიმუმამდე- 18%-მდე, 2012 წელს იყო 33%, 2015 წელს კი, ეროვნული ბანკის მონაცემებით ვალმა 42% შეადგინა.

2) რატომ გაორმაგდა ბოლო 3 წელიწადში საშინაო ვალი და რატომ გაიზარდა ის 1 მლრდ-ით? დამწყებმა ეკონომისტაც კი იცის, რომ შიდა ვალი საგარეო ვალზე ძვირია. გარდა ამისა, ის ზრდის ლარის მიმოქცევას, რაც აუფასურებს მის გაცვლით კურსს და ხელს უშლის კერძო სექტორს ინვესტიციების დაბანდებაში.

3) რატომ იტყუებით, როცა ამბობთ, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა? 2012 წელს მშპ იყო 26 მლრდ ლარი, დოლარში კი 15 მლრდ აშშ დოლარი, 2015 წელს თითქოს გაზრდილი მშპ გახდა 31 მლრდ ლარი, მაგრამ ის შემცირდა დოლარში და სინამდვილეში მხოლოდ 13 800 მლნ დოლარია. რატომ შემცირდა დოლარის ექვივალენტში ქართული ეკონომიკა? და თუ შემცირდა, მაშინ როგორღა გაიზარდა?

4) ,,ქართული ოცნება“ ხალხს პირდებოდა, რომ მშპ 2016 წელს 40 მლრდ-ს მიაღწევდა. მთავრობის ამჟამინდელი პროგნოზით კი სულ 34 მლრდ-ს თუ მიაღწევს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს ეკონომიკამ 6 მილიარდი ლარი დაკარგა?!

5) 2004-2012 წლებში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 6,5% იყო; ხოლო თქვენი მმართველობის პერიოდში 3,3%-ია; ბატონო ეკონომისტებო 20/30-დან, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქვეყანა ამ ზრდის ტემპით ივლის, საქართველო 2030 წელს მიაღწევს სურინამის, გრენადის, თურქმენეთის და აზერბაიჯანის დღევანდელ დონეს.

6) 2016 წლის იანვარ-მაისში ექსპორტმა 780 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს კი უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე თუნდაც 2011 წელს იყო. ვაჭრობის შემცირება გაღარიბებას ნიშნავს. და მაშინ, როდესაც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა და ამის მიუხედავად ექსპორტი და იმპორტი მცირდება, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ქართული ოცნების ეკონომიკურ პოლიტიკას ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს?

7) ყველას გვახსოვს, როგორ უყვარს ბატონ ბიძინა ივანიშვილს რეიტინგები. გვახსოვს დავოსის ეკონომიკური ფორუმის „რუსულ საუზმეზე“ როგორ დეტალურად ისაუბრა და როგორ გაუხარა გული რუს ოლიგარქებს, როცა განაცხადა, რომ საქართველოს რეიტინგებში დაწინაურება მხოლოდ სააკაშვილის ილუზია იყო და ამას რეალობასთან არაფერი ჰქონდა საერთო. მაშინ გაგვეცით პასუხი, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით რატომ გადაინაცვლა ქვეყანამ 21-ე ადგილიდან 23-ე ადგილზე? ბიზნესის კეთების სიმარტივით მე-8 ადგილიდან 24-ე ადგილზე? ინვესტორების დაცულობის რეიტინგში მე-19 ადგილიდან 42 ადგილზე?

ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს დათვლების ახალ სპეციფიკას დააბრალებს, ჩვენს არასწორ დათვლებს დააბრალებს, მაგრამ სიმართლეა ის, რომ დაპირებულმა მეოთხე საუკეთესო წელიწადმა ახლა უკვე 2030 წლამდე გადაინაცვლა.“

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე შსს კრიმინალური პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძის და ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ