მიხეილ ჯანელიძე – საქართველო-გერმანიას შორის პოლიტიკური დიალოგი ძალიან მაღალ დონეზე, აქტიურად ვითარდება

მიხეილ ჯანელიძე - გადაწყდა, რომ საქართველო ჩაერთვება ყველა სტრატეგიულ დისკუსიაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიმართება

საქართველო-გერმანიას შორის პოლიტიკური დიალოგი ძალიან მაღალ დონეზე, აქტიურად ვითარდება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერს ჰქონდა საშუალება პირადად მიელოცა კანცლერისთვის მისი პარტიის გამარჯვება არჩევნებში. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ძალიან მძიმე მდგომარეობას.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა, ასევე შეხვედრის დრო. მოგეხსენებათ გერმანიაში ახლახან გაიმართა არჩევნები და პრემიერ- მინისტრს ჰქონდა საშუალება პირადად მიელოცა კანცლერისთვის მისი პარტიის გამარჯვება ამ არჩევნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისთვის და ასევე, ევროპისთვისაც. შეხვედრაზე ჩვენ შევეხეთ ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, რომელიც ძალიან აქტიურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელმაც შექმნა განსაკუთრებულად ხელსაყრელი პირობები უცხოური ინვესტიციების და ბიზნესისთვის. პრემიერმა ასევე ისაუბრა ასოცირების შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციაზე. ყველა ამ ნაბიჯმა, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა განვითარებამ ქვეყანაში შექმნა განსაკუთრებული პირობები და შესაძლებლობები გერმანული ბიზნესისთვის და ჩვენ ვისაუბრეთ ამ მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებზე, რომელიც იქნება ხელშესახები სარგებლის მომტანი ორივე ქვეყნისთვის. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების პარალელურად, გერმანიასთან საჭიროა უფრო მეტი ინფრასტრუქტურული და საკომუნიკაციო კავშირების განვითარება, ეს მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და მთლიანად ევროკავშირისთვის. შეხვედრაზე განხილული იყო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები. საქართველოს როლი როგორც რეგიონში, ასევე გლობალური უსაფრთხოების საკითხებში. მნიშვნელოვანი საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. გერმანულმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა ამ საკითხში საქართველოს, ქართველი სამხედროების როლს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე, ასევე საოკუპაციო ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე და პროვოკაციებზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ძალიან მტკიცე პოლიტიკას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისაკენ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ამ შეხვედრის დროს შევეხეთ დღის წესრიგში მდგარ ყველა მნიშვნელოვან საკითხს. საქართველო-გერმანიას შორის პოლიტიკური დიალოგი ძალიან მაღალ დონეზე, აქტიურად ვითარდება”, – განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, ანგელა მერკელს დღეს შეხვდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბრის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერს მისი პოლიტიკური გუნდის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია ევროპისთვის.
შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის დინამიკაზე.

banner
წინა სტატიაში,, პრეზიდენტს სთავაზობენ წინადადებას, კონსულტაციაზე კი არ მიდიან, გამოდის, რომ ეს ისეთივე ბლეფია, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები”
შემდეგი სტატიაირაკლი ფირცხალავა ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა