მიხეილ ჯანელიძე რუსეთისთვის დახმარების თაობაზე ნოტის გაგზავნას „ფორმალური პროცედურით“ ხსნის

საერთაშორისო ფორმატში მოთხოვნილი დახმარების შემდეგ, ასევე საჭიროა ორმხრივი კომუნიკაცია და მოთხოვნები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რუსეთისთვის ხანძრის ჩაქრობაში დახმარების მოთხოვნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ჯანელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ხანძრის ჩაქრობაში დახმარების მოთხოვნები დაიგზავნა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების არხებით, ასევე გამოყენებული იყო ორმხრივი კომუნიკაცია.

„საქართველოს მთავრობა მუშაობს შეთანხმებულად და კოორდინირებულად. ძალიან მაღალი დონის კოორდინაცია იყო ასევე ბორჯომის ხანძარის დროსაც და შესაბამისად, ყველა უწყება მუშაობდა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, იმისთვის, რომ ყველა რესურსი ყოფილიყო გამოძებნილი ამ სტიქიურ უბედურებასთან გასამკლავებლად. ჩვენ ყველა არხი გამოვიყენეთ, როგორც შსს-მ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რათა მოგვეძიებინა შესაბამისი ტექნიკური დახმარება და ტექნიკა, რომ ყოფილიყო განსაზღვრული, თუ რა რესურსი გაგვაჩნია და რა დამატებითი რესურსი შეიძლებოდა ყოფილიყო მოზიდული, რათა გამწვავების შემთხვევაში გავმკლავებოდით ამ სიტუაციას. ჩვენ გვქონდა რეზერვში ყველა ის რესურსი მობილიზებული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებულიყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვიყენეთ საერთაშორისო ფორმატები და ორმხრივი ფორმატები, იმისთვის რომ ყველა შესაძლო ტექნიკა გვქონოდა მობილიზებული“, – განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ხელისუფლებამ დახმარების მოთხოვნით ევროატლანტიკური საგანგებო სიტუაციების ცენტრს, ევროკავშირის საგანგებო სიტუაციების ცენტრს და ასევე გაეროს ფარგლებში შესაბამის ცენტრს გაუგზავნა.

„ჩვენ ასევე ვიმუშავეთ ორმხრივ რეჟიმში. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საერთაშორისო ფორმატში მოთხოვნილი დახმარების შემდეგ, ასევე საჭიროა ორმხრივი კომუნიკაცია და მოთხოვნები, როდესაც უკვე განსაზღვრულია, თუ რა ტიპის დახმარებაზეა საუბარი. რუსეთთან მიმართებაში საზოგადოებასთან თავიდანვე იყო კომუნიკაცია. პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ 22 აგვისტოს გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. ასევე მოგვიანებით თავად ზურაბ აბაშიძემ ახსნა პროცესის დეტალები. არაფერი დამალული არ ყოფილა. ყველა ნაბიჯი განხორციელდა არსებული ფორმალური ნაბიჯების მიხედვით“, – განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრმა ასევე მაგალითად პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის, აბასთუმნის ხანძართან დაკავშირებული კომუნიკაცია მოიყვანა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გიორგი კვირიკაშვილისა და პეტრო პოროშენკოს სატელეფონო საუბრისა და შეთანხმებისა, საგარეო უწყებამ უკრაინაში შესაბამისი ნოტა გააგზავნა, რათა ფორმალური პროცედურები დაეცვა.

„ნოტა არის ფორმალური პროცესის შემადგენელი ნაწილი და აქ არც ერთი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან არ ყოფილა დამალული“, – აღნიშნა ჯანელიძემ.

მისი შეფასებით, ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები უპასუხისმგებლოა.

„ოპოზიციის მხრიდან რა განცხადებებიც გვესმის, ეს არის უპასუხისმგებლო განცხადებები. ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება პასუხისმგებელი თავის ქვეყანაზე, როცა ის მოვა, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში და მაშინ აგოს მან პასუხი თითოეული კრიზისული სიტუაციის გადალახვაზე“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიკატასტროფა გარდაუვალია საქართველოს სარკინიგზო სისტემაში
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტრო დემირელის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გადანაწილებაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე კერძო სკოლასთან აწარმოებს