მიხეილ ჯანელიძე ნატოს გენერალური მდივნის ახალ მოადგილეს შეხვდა

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ მოადგილესთან როუზ გოტემოლერთან.
მინისტრმა მიულოცა გენერალური მდივნის მოადგილეს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მას სამომავლო საქმიანობაში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას, მათ შორის გენერალური მდივნის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას და ასევე არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს მზაობა ხელი შეუწყოს საქართველოში რეფორმების განხორციელებას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ გაძლიერებას პრაქტიკული მხარდაჭერის მიმართულებით.

აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს მონაწილეობა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. მინისტრმა გენერალური მდივნის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ასევე მადლობა გადაუხადა ნატოს საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე განხილული იქნა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის თვალსაზრისით მომავალი წლის ინტენსიური დღის წესრიგი, რაც მხარეების განცხადებით ხელს შეუწობს, ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებას და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს.

“ძალიან კარგი შეხვედრა შედგა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან. მივესალმებით მის ამ პოზიციაზე დანიშვნას და სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობას. განვიხილეთ ნატო-საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგი, რომელიც ძალიან აქტიურია, პირველ რიგში ვისაუბრეთ ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესზე. ხაზი გაესვა, როგორც ნატო-ს ასევე წევრი ქვეყნების დახმარების მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ჩვენს ინტეგრაციას ნატოში. მომავალ წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, როგორც მოგეხსენებთ იგეგმება ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი, ასევე თბილისში გაიმართება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის გამართვა სხვადასხვა ფორმატებში, ეს აქტიური დღის წესრიგი გამოყენებული იქნება როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის გასაძლიერებლად ასევე ნატოში ინტეგრაციის საკითხის მაქსიმალურად აქტიურად განსახილველად”- განაცხადა მიხელ ჯანელიძემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შეფასებისას.

2016 წლის 6-7 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრის სიტყვით გამოსვლა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩართული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე: ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა პოლიტიკური დაკვეთების მიხედვით მოქმედებს
შემდეგი სტატიაევროკავშირი საქართველოს დასახმარებლად ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს – იანოშ ჰერმანი