მიხეილ ჯანელიძე მოლდოველ კოლეგას შეხვდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ეწვია მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური.

25 მაისს, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და ანდრეი გალბურის შეხვედრა, რომლის დროსაც მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-მოლდოვას ურთიერთობების ფართო სპექტრზე და განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული მდგომარეობა და ხაზი გაუსვეს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას, ამასთან, მინისტრებმა დაადასტურეს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. აღინიშნა, რომ საქართველოსა და მოლდოვას გააჩნიათ არა მხოლოდ მსგავსი გამოწვევები, არამედ საერთო ღირებულებები და მისწრაფებები, უპირველეს ყოვლისა, ევროინტეგრაციის მიმართულებით.

ასევე დაფიქსირდა, რომ ორივე ქვეყანა დიდ ყურადღებას უთმობს რეფორმების განხორციელებას. ამ თვალსაზრისით, ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, განაგრძოს გამოცდილების გაზიარება, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში საქართველოში წარმატებით განხორციელებული რეფორმების კუთხით.

მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის პარალელურად, ასევე გაიმართა საქართველოში მოლდოვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გეორგე ლეუკას მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალი.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური შეხვედრას გამართავს ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან.

banner
წინა სტატიაშივენეციის კომისიამ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია მოისმინა
შემდეგი სტატიატაჯიკეთის მთავრობამ “ბოლო ზარი” აკრძალა