მიხეილ ჯანელიძე ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

შეხვედრაზე ევროკომისარმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. დიმიტრის ავრამოპულოსმა კმაყოფილება გამოთქვა ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტის (LIBE) მიერ საქართველოს საკითხის კენჭისყრასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ კომიტეტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა ძლიერი პოლიტიკური გზავნილია ევროპარლამენტის მხრიდან. დიმიტრის ავრამოპულოსმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტები ახლო მომავალში დაასრულებენ ყველა საჭირო პროცედურას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს ისარგებლონ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ევროკავშირთან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა ევროპარლამენტის წევრებთან, კერძოდ ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტთან რიშარ ჩარნეცკისთან, ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის (ALDE) პრეზიდენტთან ჰანს ვან ბალენთან, ევროპის სახალხო პარტიის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორთან კრისტიან პრედასთან, ევროპარლამენტში სოციალისტების ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილესთან კნუტ ფლეკენშტაინთან.

banner
წინა სტატიაში„ყაზტრანსგაზ თბილისში” აცხადებენ, რომ გაზის სუნი ქალაქში დღის ბოლომდე გაიწოვება
შემდეგი სტატიარუსეთმა კავკასია-2016-ის წვრთნის დაგეგმვისას აშშ-საქართველოს სამხედრო სწავლება გაითვალისწინა – გერასიმოვი