მიხეილ ჯანელიძე: არჩევნები ვიზალიბერალიზაციისთვის წინაპირობას არ წარმოადგენს

მიხეილ ჯანელიძე

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, არჩევნები ვიზალიბერალიზაციისთვის წინაპირობას არანაირად არ წარმოადგენს. ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებს მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრი ავრამოპულოსთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზალიბერალიზაციის მიღების პროცესი დაკავშირებულია პროცედურებთან, რაც რამდენიმე თვის საქმეა.

“ძალიან მნიშვნელოვანია ბატონი ავრამოპულოსის ვიზიტი საქართველოში. ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები ახალ დონეზე გადადის. ამ მიმართულებით ეს არის დადასტურება იმისა, იმ შრომისა, რომელიც საქართველომ გაწია, რათა თავისი საემიგრაციო პოლიტიკა მოეყვანა შესაბამისობაში ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასთან. ჩვენ განვახორციელეთ საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები. დღეს მოგვეცემა შესაძლებლობა ვისაუბროთ ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ვიზალიბერალიზაცია. ბატონმა ავრამოპულოსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ ეტაპზე ევროინტეგრაციის კუთხით”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე მინისტრთაA კაბინეტის სხვა წევრების ქმედებები აქტიურად არის მიმართული იქით, რომ მაქსიმალურად შემცირდეს რისკები, რაც შეიძლება უარყოფით გადაწყვეტილებასთან იყოს დაკავშირებული. ჯანელიძის მტკიცებით, დღეს არ არის არანაირი მიმართულების რისკი, რომელიც ხელს შეუშლის ვიზალიბერალიზაციის მიღების გადაწყვეტილებებს.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ მინისტრები მუშაობენ თავიანთ კოლეგებთან, საუბრობენ ამ საკითხზე.

“მე ვმართავ ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში, ვხვდები ჩემს კოლეგებს. ისინი ჩამოდიან საქართველოში და არც ერთ შეხვედრაზე არ დასმულა ისეთი პრობლემა, რაც ხელს შეუშლიდა ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენი შს მინისტრი იმყოფებოდა საფრანგეთში, ახლა იმყოფება გერმანიაში იმისათვის, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა და არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშნები ამ საკითხზე. იმედს ვიტოვებთ, რომ პროცედურები მალე დასრულდება და საქართველო დროულად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ევროკომისარი, დიმიტრის ავრამოპულოსი ეწვია
შემდეგი სტატიაყარაბაღში ვითარება დაიძაბა