მღებრიშვილი: დროა, დამთავრდეს ეს ისტერიკა!

მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში დაცულია აბსოლუტურად ყველას უფლება, გარდა პოლიციელისა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ნარკოტიკული საშუალებების ე.წ. ჩადებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე კომენტირებისას განაცხადა.

“დროა, დამთავრდეს ის სრული ისტერიკა, რომელსაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ საქართველოში. შორს ვართ იქიდან, რომ პოლიციელმა ვინმეს რამე ჩაუდოს. მე მექმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში დაცულია აბსოლუტურად ყველას უფლება, გარდა პოლიციელისა. უგულებელყოფილია უდანაშაულობის პრეზუმფცია, არ არსებობს საერთოდ პერსონალურ მონაცემთა დასცვის არანაირი სტანდარტი, როდესაც პოლიციელს ეხება. ყველას უფლებაა დაცული, გარდა პოლიციელისა. დროა, ეს ისტერიკა დამთავრდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგ შედეგებამდე არ მიგვიყვანს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მისივე განცხადებით, განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოს დაკავებულებს და მათ ახლობლებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია ე.წ. ჩადებასთან დაკავშირებით, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მოტივით კეთდება.

“ეს ყველაფერი არის ჭორაობა. პირდაპირ გეუბნებით, ეს არის მოგონილი მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ თავი აარიდონ მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. მე 1998 წლიდან გამომძიებლად ვმუშაობდი და ეს ინსინუაციები, ეს სპექტაკლი ჩემთვის უცხო არ არის, რომელსაც ახლა გვიდგამენ ზოგჯერ შსს-ს წინ და ზოგჯერ სხვაგან. ეს არის ჭორებზე დაყრდნობილი, აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ინფორმაციები, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით“, – აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის სამინისტრო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
შემდეგი სტატიათავდასხმების სერია ლონდონში: რა ხდება ვესტმინისტერის ხიდზე (ფოტორეპორტაჟი)