მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებული ონლაინსესხით მკურნალობს

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული, დიმიტრი ფაილოძე ნაოპერაციებ ფეხს ონლაინსესხით მკურნალობს.

„მარცხენა ფეხზე ორივე წვივი მაქვს მოტეხილი. ოპერაცია იმავე დღეს გამიკეთეს. 10 დღის სამყოფ წამლებში 300 ლარი გადავიხადე. რა თქმა უნდა, მედიკამენტები ჩემი ფულით შევიძინე. უფრო სწორად, ეს ფული არც მქონდა, ჩემმა ძმამ სწრაფი სესხი გააკეთა და ისე ვიყიდე წამლები, აბა რა უნდა მექნა?! ტკივილები მაწუხებს, გამაყუჩებელსა და თრომბის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ვიკეთებ“, – აცხადებს ფაილოძე.

მას რამდენიმე თვეში ხელახალი ოპერაცია ესაჭიროება, მანამდე კი, სხვადასხვა პროცედურებისთვის თანხას კვლავ ნასესხები ფულით იხდის.

„სპეციალური ჩასაცმელი მჭირდება, რომელსაც დამატებით ფული სჭირდება, ძაფები ამოსაღებია, 2 თვეში რენტგენი მექნება გადასაღები და 6 თვეში ხელახალი ოპერაცია მესაჭიროება, რადგან ფეხზე რკინის ფირფიტები მაქვს ჩადგმული. ექთანს თითო გადახვევაში 30 ლარს ვაძლევ“, – აცხადებს დაზარალებული.

მის მდგომარეობას კიდევ უფრო მძიმეს ხდის ის ფაქტიც, რომ ფაილოძე ოჯახის მარჩენალი იყო, ასეთ მდგომარეობაში კი ის, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობას ვერ შეძლებს.

„ოფიციალური სამსახური არ მქონია, მაგრამ დღიურ სამუშაოზე 20-30 ლარს ვშოულობდი და ავადმყოფ ბებიას ვუვლიდი. სახლში ბებიასთან ერთად ვცხოვრობ, ინსულტი გადაიტანა, სიმსივნის გამო მკერდი მოკვეთეს და ასეთი ქალი უპატრონოდ დამრჩა. მე კი, ჩემი მდგომარეობის გამო მინიმუმ, 6 თვე მუშაობას ვერ შევძლებ“, – აცხადებს ფაილოძე.

მისი განმარტებით, მას არც მერიიდან და არც ჯანდაცვის სამინისტროდან ამ დრომდე არავინ შეხმიანებია.

„დღეს ჩემი ძმა სამგორის გამგეობაში დაიბარეს, რამდენად დამეხმარებიან, არ ვიცი. ვითხოვ კომპენსაციას, რადგან როგორც აღვნიშნე, მინიმუმ, 6 თვის განმავლობაში მუშაობას ვერ შევძლებ“, – დასძენს ფაილოძე.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი 30 იანვარს ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა.

წყარო:„ჯი-ეიჩ-ენ”

banner
წინა სტატიაშილომჯარია: მაღალია რისკი, რომ თურქეთში ჩაბუქი დაექვემდებაროს წამებას
შემდეგი სტატიათამარ ჩხეიძე: დღეს ზურაბ ჭავჭავაძეს დაბადების დღეა