მექა ხანგოშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩატაევს არანაირი შეხება ტერორისტულ ორგანიზაციებთან არ აქვს

პანკისის ხეობის ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილს, თურქული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ სჯერა, რომლის მიხედვითაც, ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ჩეჩენი აჰმედ ჩატაევია.

ხანგოშვილი ირწმუნება, რომ ჩატაევი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სასარგებლოდ იბრძოდა.

„ის იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ფიგურა წინააღმდეგობის ბრძოლის, რომელიც ჩვენს მხარეს, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. დღესაც არ მგონია, რომ რაიმე ტერორისტულ დაჯგუფებაში ყოფილიყო. არ ვიცი, არ მგონია, განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელია და რა თქმა უნდა, ვიცავთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანს არანაირი შეხება ტერორისტულ ორგანიზაციებთან არ აქვს. რადგან არ იყო ასეთი პიროვნება, როგორც ამბობდნენ,“ – განაცხადა ხანგოშვილმა.

ცნობისტვის, თურქულმა მედიამ ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილად ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი დაასახელა. ჩატაევი ე.წ. ხალიფატის, ფუძემდებელი ტერორისტული ორგანიზაციის წევრია. ის სასჯელს საქართველოში იხდიდა. ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა შორის ერთ-ერთია.

2012 წელს როცა საქართველოში მთავრობა შეიცვალა ის საპატიმროდან საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საბოლოოდ კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩატაევი უდანაშაულოდ ცნო.

banner
წინა სტატიაშისტამბოლის ტერაქტის ერთ-ერთი მომწყობი რუსეთის მოქალაქეა
შემდეგი სტატიააფხაზეთის მკვიდრმა 4 წლის ბავშვი ცემით მოკლა