“მემარცხენე ალიანსი” პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებების პროექტზე მუშაობის დაწყებას ითხოვს

“მემარცხენე ალიანსი” პარლამენტის მიმდინარე სესიაზე საარჩევნო სისტემის ცვლილებების პროექტზე მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს.
როგორც “თაიმერს” “მემარცხენე ალიანსიდან” აცნობეს, “მემარცხენე ალიანსის” გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც 2016 წელს არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება მოითხოვა.
მისივე თქმით, საქართველოში საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების საკითხებზე, კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, პარტია “მემარცხენე ალიანსმა” ინტერპარტიულ ფორმატში წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავა. ინტერპარტიულმა ჯგუფმა შეიმუშავა მემორანდუმი, რაც საარჩევნო სისტემის მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.
“ეს მემორანდუმი საპარლამენტო პარტიებმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დიპლომატიურმა კორპუსმა, ასევე მრავალმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოიწონა. იგი ხელმოწერებით გაფორმდა პრეზიდენტის სასახლეში. აღნიშნულ მემორანდუმს დაეთანხმა ასევე კოალიცია “ქართული ოცნება”, თუმცა მისი ამოქმედება 2020 წლიდან გამოაცხადა. ამის შემდეგ ინტერპარტიულმა ჯგუფმა მუშაობა განაგრძო “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის სატელიტ შალვა ნათელაშვილთან ერთად, რის გამოც ჩვენ უარი ვთქვით ამ ფორმატში შემდგომ მონაწილეობაზე. მიუხედავად ამისა ჩვენი პარტიის მოთხოვნა ისევ ძალაშია და კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვითხოვთ – საარჩევნო სისტემის ცვლილებების პროექტზე მუშაობა პარლამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყოს მიმდინარე სესიაზე, რათა არჩევნების მაჟორიტალური სისტემა უკვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაუქმდეს,” _ აღნიშნა შატბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მოსამართლის შეცდომას არ უნდა შეეწიროს რომელიმე მუხლი“
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: პრეზიდენტის სამუშაო პირობები მისი უფლებამოვალეობების ადეკვატური უნდა იყოს