მელუდე დეპუტატის ხარაკირი, ანუ თოფაძე, როგორც „ოცნების“ თავის ტკივილი

საპარლამენტო ფრაქცია

მელუდე დეპუტატის ხარაკირი, ანუ თოფაძე, როგორც „ოცნების“ თავის ტკივილი  

დიდი პოლიტიკური მკრეხელობა 

გოგი თოფაძე იმ „ბრძემა კაცმა“ უკვე მეორედ დატუქსა: ერთხელ, რამდენიმე თვის წინ, როცა თოფაძემ განაცხადა, ყველა კაბინეტში სტალინის სურათი უნდა ეკიდოსო, ივანიშვილმა მისი მისამართით თქვა, უკვე ასაკშიაო. მეორედ კი ახლა დატქუსა, როცა მელუდე პარლამენტარმა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა!

თოფაძე, მის ბოლო კომენტარებს თვალს თუ გადავავლებთ, აშკარად ვერ ხვდება, რა დააშავა და ჯიუტად ამტკციებს, ამ „ავადმყოფი ხალხის“ შეურაცხყოფა არც მიფიქრიაო და ცდილობს, ისრები მხოლოდ პრეზიდენტ მარგველაშვილისკენ ისროლოს. პრობლემაც სწორედ ეს არის, რომ ლუდის მწრამოებელი დეპუტატი თვლის, რომ საზოგადოების აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ პრეზიდენტი გააკრიტიკა და ცდილობს, მის წინააღმდეგ დაწყებულ უკმაყოფლებას პოლიტიკური სახე მისცეს. აკი, ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა კიდეც, რომ მის წინააღმდე მოსყიდული ხალხი გამოდის.

ამ ბრალდებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „მზის შვილების“ ხელმძღვნელ ინგა ლოლაძეს ეღიმება და ამბობს, რომ თოფაძის ამ „ბრალდების“ კომენტირებას არც აპირებს.

„მე ჩემი შვილისა და ჩემს უფლებებს ვიცავ. მე პირობა მივეცი ნინუცას, რომ მის დაჩაგვრას ამიერიდან აღარავის ვაპატიებ!“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ინგა ლოლაძე, რომლის 7 წლის გოგონაც დაუნის სინდრომის მქონეა.

„24 წელი პოლონეთში ვცხოვრობდი. საქართველოში ერთი წლის წინ დავბრუნდი და მეგონა, რომ სხვა ქვეყანა დამხვდებოდა, მაგრამ შევცდი. სხვათა შორის, თოფაძე და მისნაირები პარლამენტში სწორედ იმიტომ არიან, რომ ხმა მე და, საერთოდ, ხალხმა მივეცით. ჩვენ თუ გვინდა, რომ დემოკრატიული ქვეყანა ავაშენოთ, მხოლოდ არჩევა კი არა, პარლამენტიდან ნებისიერი დეპუტატის გამოწვევაც უნდა შეგვეძლოს, რომელიც ჩვენს უფლებებს დაარღვევს. თოფაძის განცხადება ბოლო წვეთი იყო – სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ დავიწყო ფართო კამპანია და ამით შევქმნა პრეცედენტი, რომ დეპუტატები ჩვენგან არაფრით განსხვავდებიან, ისინიც ჩვეულებრივი ადმაიანები არიან და რამეს თუ დააშავებენ, ბოდიში კი არ უნდა მოიხადონ, არამედ, ამის გამო პასუხი უნდა აგონ! შეიძლება, თოფაძეს მილიონები აქვს და გონია, რომ ამის გამო ყველა თვალებში უნდა შევციცინებდეთ, მაგრამ მე ჩემი შვილი მის მილიონებს მილიონჯერ მირჩევია! რადგან საშუალო ფენის წარმომადგენელი ვარ, ჩემი შვილი პარლამენტის ტრიბუნიდან ამიტომ უნდა ლანძღონ?!“ – კითხულობს არასამთავრობო ორგანიზაცია „მზის შვილების“ ხელმძღვანელი ინგა ლოლაძე, რომელიც სხვათა შორის, პროფესიით ჟურნალისტია.

„თაიმერთან“ საუბრის დროს ინგა კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს, როცა რამდენიმე წლის წინ, ნინომ ბურჯანაძემ მთელ მთავრობას დაუნები უწოდა და ამით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა.

„მაშინაც მწვავე რეაქცია მქონდა. მართალია, ბურჯანაძემ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა, მაგრამ მაშინ პოლონეთში ვიყავი და ბურჯანაძეს იქიდან შემოვუთვალე, შენი ბოდიში არაფერში მჭირდება-მეთქი“, – იხსენებს ინგა ლოლაძე.

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაჩიძე თვლის, რომ გოგი თოფაძე დეპუტატის უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეს და ის, როგორც ექსპონატი, მომავალ არჩევნებამდე პარლამენტში უნდა დარჩეს.

თუ დავაკვირდებით, თოფაძის პოზიციას თავად უმრავლესობის უმრავლესობაც არ იზიარებს, თუ არ ჩავთვლით, ერთი-ორ დეპუტატს – იუსტიციის მინისტრიდან დაწყებული თინა ხიდაშელით დამთავრებული, ყველა ამბობს, რომ თოფაძემ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, ანუ ყველა ერთის წინააღმდეგაა, რაც ალბათ, იმას ნიშნავს, რომ მელუდე მრეწველი, რომელიც წლებია, საქართველოს გადარჩენას გვპირდება, მომავალ პარლამენტში ვეღარ მოხვდება. ზოგადად, მარტო თოფაძე კი არა, როგორც „თაიმერს“კულუარებში უთხრეს, „მრეწველები“ კოალიციის მიღმა დარჩებიან.

„ქართული ანდაზა ხომ იცით? – თაგვმა თხარა, თხარა, კატა გამოთხარაო. ჰოდა, ამ თოფაძესაც ასე დაემართა. „გაიჩალიჩა“, რა, – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ინკოგნიტო რესპოდენტი, – ზოგადად, კოალიციაში ერთმანეთის მიმართ ისე არიან, როგორც თხა და მგლები, არავინ არავის აღარ ედობა და ყველა ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებს. ზოგიერთები იხტიბარს არ იტეხენ და თავს იმშვიდებენ, რომ ბიძინა სიაში ისევ ჩასვამს, მაგრამ ზუსტად იციან, რომ ეს ისეთივე ოცნებაა, როგორც „იაფი ფული“ და „მეოთხე საუკეთესო წელი“. ამ სიტუაციით, ბუნებრივია, ვიღაც-ვიღაცები ისარგებლებენ და, როგორც ადრეც გითხარით, არ გამოვრიცხავ, რომ კოალიციაში „სოციალ-დემოკრატები“ დაწინაურდნენ. ზოგადად, კოალიციაში ფარული კამპანია მიდის, რაც „რესპების“ დისკრედიტაციას გულისხმობს, ანუ უნდათ, რომ ეროვნულ გრძნობებზე ითამაშონ და ბიძინას შეუქმნან ილუზია, რომ აი, „რესპები“ ქართველობას ებრძვიან და თუ მათ დაეყრდნობა, ხალხი განწყობას მის მიმართაც შეიცვლის, მაგრამ ათასი პროცენტით გეუბნებით, რომ ამ არჩევნებზე ბიძინა ისევ „რესპუბლიკელებთან“ ერთად გამოვა.

ამას გარდა, ზოგი თვლის, რომ ღარიბაშვილი პარტიას შექმნის და არჩევებში არათუ მონაწილეობას მიიღებს, არამედ, გაიმარჯვებს კიდეც. არგუმენტად ის მოყავს, რომ „ოცნებაც“ თავის დროზე ძალიან მოკლე ხანში შეიქმნა და „ნაცმოძრაობა“ დაამარცხა, მაგრამ აქ ერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი: მაშინ ხალხი ივანიშვილს ღმერთად აღიარებდა, იგივეს თქმა კი ღარიბაშვილზე, მინიმუმ, პოლიტიკური მკრეხელობა იქნება. ერთი სიტყვით, კოალიციაში ისეთი სიტუაციაა, რომ აი, რომ ამბობე ხოლმე, ძაღლი პატრონს ვერ ცნობსო.“

ჩვენი ინფორმატორი არ გამორიცხავს, რომ თოფაძის ბოლო დისკრიმინაციული განცხადება „ოცნებაში“ ახალი განხეთქილების საბაბი გახდეს, მით უმეტეს, ამჯერად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქმე მარტივად აღარ არის – არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და თოფაძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვენ. ზოგადად, ადამიანის უფლებები ძალიან სენსიტიური თემაა, რაზეც მოსახლეობა მწვავედ რეაგირებს. ამიტომ, მმართველი უმრავლესობა ასეთი არჩევანის წინაშე დადგება: ან საზოგადოების მოთხოვნას შეურთდეს და თოფაძე გაწიროს, ან თოფაძე კბილებით დაიცვას. არჩევნების წინ მეორეს გაკეთება, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, უფრო ხელსაყრელი იქნება.

და კიდევ ერთი: როგორც აღვნიშნეთ, არასამთავრობო ორგანიზაცია „მზის შვილებმა“, რომლის უკანაც, „თაიმერის“ ინფორმაციით, არანაირი პოლიტიკური ინტერესები არ დგას, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პეტიციაში ნათქვამია:

„ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებს მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველო თავის ისტორიულ ოჯახში, ადრე თუ გვიან, თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს!

ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებმა კარგად ვიცით, რომ საქართველო, დასაბამიდან, ტოლერანტული ფასეულობებისა და ღირებულებების მატარებელია!

ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებმა ვუწყით, რომ ამ ქვეყანაში უზენაესი კანონი კონსტიტუციაა!

ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებს გვინდა, ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის, აღმასრულებელიც, როგორც კონსტიტუციაშია წერია, ხალხის სამსახურში იყოს და ხალხის დაკვეთას ასრულებდეს!

ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, გვინდა, კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის მართვაში ჩვენც ვმონაწილეობდეთ და, მინიმუმ, ის მაინც შეგვეძლოს, რომ ხელისუფალნი გვისმენდნენ!

ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებს გვინდა, ჩვენს უფლებებს სწორედ ისინი არ არღვევდნენ, ვინც უნდა გვიცავდნენ!

სწორედ ამიტომ, ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეუწყდეს სადეპუტატო უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის წევრს, ფრაქცია „მრეწველობა – ქართული ოცნების“ თვამჯდომარეს, ბიზნესმენ გოგი თოფაძეს, რომელიც არაერთხელაა შემჩნეული დისკრმინაციულ და ჰომოფობიურ განცხადებებში!

ბატონი გოგისთვის პარლამენტარის უფლებამოსილების შეჩერება პრეცედენტი და დასამახსოვრებელი მაგალითი იქნება ყველასთვის, მათ შორის, ქვეყნის აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო წევრებისთვის, ასევე, პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც თავიანთ გამოთქმებითა და განცხადებებით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, მიზანმიმართულად თუ შემთხვევით ყოველ წუთს არღვევენ ჩვენს, მათ შორის, შშმ პირების უფლებებს!

banner
წინა სტატიაშიგოგი თოფაძე: ბატონ ბიძინამ ცოტა მისაყვედურა, არ უნდა გეთქვა ასე მკვახედო
შემდეგი სტატია“ხელისუფლების მხრიდან “მაესტროს” სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ყოველგვარი ნიშანი უნდა გამოირიცხოს”