მეჭიაური: ზაქარა ბორკილებს გამოთხრის

თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ გამგეობას აუდიტით გადაიბარებს, ზაქარია ქუცნაშვილი კი, “ბორკილებს გამოთხრის”:

“ქუცნაშვილი ყველა საშუალებას იყენებს, რაზეც ხელი მიუწვდება, ისეთებსაც კი, რომლებმაც პროკურატურამდე შეიძლება მიიყვანოს კომისიის თავმჯდომარე, ზოგიერთი წევრი და გამგეობის თანამშრომლები. თავის გადარჩენის მეტზე არაფერზე ფიქრობენ. მიდის ზეწოლა საოლქო კომისიაზე, რომ სისულელე გააკეთონ, მაგრამ არ მგონია, კომისიის წევრები აყვნენ. წუთი-წუთზე გაცხადდება საქმის პროკურატურისთვის გადაცემაზე ინფორმაცია, რაც ჩაიდინა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, არასამთავრობო ორგანიზაციები გადასცემენ. ახალი მოიგონეს, რომ თითქოს 6 ბიულეტენია დაკარგული, ყოფილი გამგებლის პირით გააჟღერეს. ახლაც იქ ბრძანდება ის ქალბატონი (ლელა ქიტესაშვილი) და მიდის კომისიის წევრების დამუშავება. კომისიები უბნებზე, საოლქოში მათი იყო. კარუსელებს მათ გარეშე ვერავინ გააკეთებდა. ბიულეტენსაც ისინი აძლევდნენ, ბეჭედსაც თვითონ არტყამდნენ, კონვერტსაც თვითონ ყრიდნენ ურნაში, ბოლოს კი თვითონ აჯამებდნენ ყველაფერს. პროცედურა მათ ხელშია გავლილი. რაც ხდება, ქუცნაშვილის თამაშია, რადგან ქიტესაშვილმა სასამართლოს შემდეგ აღიარა წაგება და წარმატებაც კი მისურვა. მართალია, დიდი ენთუზიაზმით არა, მაგრამ ემორჩილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაიწყო ახალი კამპანია. ეს ქუცნაშვილის სპექტაკლია. ეს ქალბატონიც აჰყვება ხოლმე და შეიძლება შარში გახვიოს. ავრცელებენ ხმებს, თითქოს ჩემი არჩევის გამო თიანეთს აღარც დაფინანსება ექნება, არც ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება და ყველაფერი გაჩერდება. უნდათ, საკრებულოს მეშვეობით, სადაც 2/3 აქვს “ქართულ ოცნებას”, პარალიზება გაუკეთონ გამგეობის საქმიანობას. ეს არის ქუცნაშვილის გეგმის ნაწილი. მოვუწოდებ საკრებულოს წევრებს, ავანტურას ნუ აყვებიან. იმპიჩმენტითაც დამმუქრებია ზაქარა. პირველი 6 თვის განმავლობაში იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება, ამის უფლება არ აქვთ. ამ 6 თვეში კი, ის შეიძლება ბორკილებით გაიყვანონ. გამგეობას აუდიტით გადავიბარებ, მათ მიერ გაკეთებულ საქმეებს შევაფასებთ. ზაქარა იმდენს გააკეთებს, ბორკილებს გამოთხრის”.

banner
წინა სტატიაში“მღებრიშვილის დავალებით მოხდა გუშინ ჩვენი დარბევა…წამაქციეს და შემდგნენ ფეხებით”- სადღობელაშვილი
შემდეგი სტატია“ბატონმა გიორგიმ შიშველმა ასე მიუთითა: შემოდი ბიჭო, აქეთო” -„სალვუს დეველომპენტის“ სკანდალის ახალი დეტალები