მცხეთის სასამართლო განმარტავს, რატომ შეეფარდა პატიმრობა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მცხეთის რაიონული სასამართლო განცხადებას ავრცელებს. სასამართლო იმ საფუძვლებს განმარტავს, რის გამოც ბრალდებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

როგორც მცხეთის რაიონული სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შერჩევისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. მალხაზ კ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ე.ი. განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი ან მეტი პირის მიმართ.

საქმე ეხება 4 ივლისს, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა სანადირო თოფით, მეუღლისა და 4 წლის შვილის თანდასწრებით, დამიზნებით, ზურგისა და თავის არეში ესროლა მ.ს.-ს. ფაქტს წინ უძღოდა, მ.ს.-ს შენიშვნა ბრალდებულის მიმართ, თანნაქონ სანადირო თოფთან დაუდევარი მოპყრობის გამო. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მალხაზ კ.-მ თოფიდან ამოიღო გასროლილი მასრები და ჩაალაგა დამუხტული ვაზნები, ხოლო გარდაცვლილის მეუღლე ლ.ს. თავის გადასარჩენად გაიქცა ხევის მიმართულებით, რა დროსაც გადავარდა სიმაღლიდან და გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა ესროლა 4 წლის ბავშვს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე გასროლილი მასრები გადაყარა მდინარეში, შემდეგ მ.ს.-ს გვამიც გადააგდო მდინარეში, ხოლო არასრულწლოვნის ცხედარი, მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად გადამალა თოვლის ზვავის ქვეშ, ბუნებრივად წარმოშობილ მცირე ზომის ქვაბულში. ბრალდებულმა მკვლელობის იარაღი-თოფი, დარჩენილ ვაზნებთან ერთად დუშეთის რაიონის სოფელ წკერეში, ე.წ. ‘’მილიონას’’ მთაზე, ცხვრის სადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამალა.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შერჩევისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები; შესაბამისად, წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელისაგან თავის არიდების, დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელებისა და მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების რისკების, ბრალდებულის მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევისა და განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხეების გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულ მალხაზ კ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეურჩია პატიმრობა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2018 წლის 4 სექტემბერს 14:00 სააათზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში“, – ნათქვამია მცხეთის რაიონული სასამართლოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეარჩია
შემდეგი სტატიაეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კვლავ გიგი წერეთელი გახდა