მასწავლებლის კვალიფიკაცია, მხოლოდ საგნის ცოდნას არ ნიშნავს

იმის თქმა, რომ მხოლოდ მასწავლებლის კვალიფიკაცია ეწოდება მის მიერ საგნის ცოდნას, ეს არის შეცდომა, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელევამ განაცხადა.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, საჭიროა ისეთი სისტემა, რომელიც მასწავლებლის შედეგიანობას უყურებს კომპლექსურად.

“ჩვენ თუ გაგვიზარდეს ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ოჯახის წევრები, პატივს არ სცემს მეგობრებს და იცის ფიზიკა ან ბიოლოგია კარგად, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში სკოლამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ისეთი სისტემა, რომელიც მასწავლებლის შედეგიანობას უყურებს კომპლექსურად. რა მნიშვნელობა აქვს პირობითად მასწავლებელ სანდროს, რომელსაც ხელში უჭირავს საბუთი, რომ მან ძალიან მაგრად იცის მათემატიკა, თუ ის არ ვარგა ბავშვებთან ურთიერთობაში? ვერ გაყავს ბავშვი შედეგზე? ამიტომ ის, თუ როგორ იცის მან მათემატიკა, ეს არის მხოლოდ ნაწილი შეფასების და არა მთელი შეფასება”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, მასწავლებელი, რომელიც ვერ აკეთებს თავის საქმეს უნდა გავიდეს სკოლიდან და ეს გადაწყვეტილება სკოლის ადმინისტრაციის პრეროგატივაა.

„საკითხი დგას ასე, მაგალითად თავის საგანში უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგი, რომელიც ჩაგრავს ბავშვებს უნდა დავტოვოთ სკოლაში თუ გავუშვათ სახლში? მე ვამბობ, რომ უნდა გავუშვათ სახლში. ანუ კვალიფიკაცია არის ერთი განზომილება, მაგრამ რას აკეთებს, როგორ იქცევა, არის მეორე განზომილება. ამიტომ მე ვამბობ, რომ სკოლაში დარჩება ყველა, ვისითაც კმაყოფილი იქნება მშობელი, მოსწავლე და ადმინისტრაცია. სკოლიდან გავა ყველა, ვისითაც იქნება უკმაყოფილო მშობელი, მოსწავლე და ადმინისტრაცია” – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიპედაგოგს საშუალება უნდა ჰქონდეს, დაწყებით და საშუალო კლასებში ბავშვებს ცხოვრებისეულ ურთიერთობებზეც ესაუბროს
შემდეგი სტატია“უნდა ისჯებოდეს ნარკოტიკების მომხმარებელი” – კობა ნარჩემაშვილი