“მასწავლებელთა პროფესიული განვითარების რეგულირების დოკუმენტი მარტში ეროვნულ საბჭოს წარედგინება”

პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების რეგულირების დოკუმენტების პაკეტის ძირითადი განხილვის ეტაპი დაიწყო.

პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების თემატური ჯგუფი პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების რეგულირების დოკუმენტების პროექტების პაკეტის ძირითად განხილვაზე გადავიდა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მასწავლებელთა ანაზღაურებისა და სახელფასო დანამატების, მასწავლებელთა რეგისტრაციის სისტემის ადმინისტრირების, უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის შესახებ სხვადასხვა ბრძანებების პროექტები.

დოკუმენტების პაკეტი შემუშავებული იქნა ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში და მასზე საერთაშორისო ექსპერტები მუშაობდნენ. პროექტების განხილვაში ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ჩართულნი იყვნენ პროფესიული კავშირის, დამსაქმებელთა ასოციაციებისა და სხვა სოციალური პარტნიორების წარმომადგენლები.

ძირითადი განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ დოკუემენტების პაკეტის განხილვა და შეჯერება მოხდება პროფესიული განათლების მოქმედი მასწავლებლებთან და პროფესიული საგანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ კი, ბრძანებების პროექტები განსახილველად პროფესიული განათლების ეროვნულ საბჭოს წარედგინება.

“მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პროექტი პროფესიული განათლებისა და დასაქმების მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მასწავლებელთა საქმიანობის დაწყებას, პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას, შექმნილია პროფესიული განათლების ეროვნული საბჭო, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე თემატური ჯგუფი მუშაობს კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა პროფესიული განათლების ძირითადი ჩარჩო-დოკუმენტის შექმნა. ესაა მოცულობითი საკანონმდებლო პაკეტი, რომელზეც ბოლო ცხრა თვეა ვმუშაობთ. პროექტი უკვე მზად არის და შეთანხმებულია თემატურ ჯგუფში. დოკუმენტი მარტის თვეში განხილვისთვის ეროვნულ საბჭოს წარედგინება”,- განაცხადა პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის მენეჯერმა ნინო ელბაქიძემ.

banner
წინა სტატიაშიკოლუმბიაში ზიკას ვირუსით 5 ათასზე მეტი ფეხმძიმე ქალი დაინფიცირდა
შემდეგი სტატიაბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოხტა