მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საჯარო სკოლის დირექტორების გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, საჯარო სკოლის დირექტორების გადამზადების მეორე ეტაპს იწყებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, გადამზადების პირველი ეტაპი დირექტორებმა ლიდერობის პირველი აკადემიის ფარგლებში 2016 წლის აგვისტო-ოქტომბერში გაიარეს.

ლიდერობის მეორე აკადემია მთლიანობაში 6 მოდულისგან შედგება. მათგან ორი მოდული საჯარო სკოლის დირექტორებს და პროექტის სკოლის ბაზაზე შერჩეულ ფასილიტატორებს 2016 წლის დეკემბერში, ასევე 2017 წლის იანვარსა და აპრილში შეეთავაზებათ.

ლიდერობის მეორე აკადემიის პირველი ტრენინგ-მოდული „გაზიარებული ლიდერობა და ზრდასრულთა სწავლება“ ითვალისწინებს ლიდერობის თანამედროვე მახასიათებლების გაცნობას და მათ მორგებას სკოლის დირექტორის მართვის სტილთან, თანამშრომლობისა და ურთიერთობის პრინციპებთან. აკადემიის მონაწილეები მოდულის გავლის პერიოდში გააკეთებენ საკუთარი მართვის სტილის რეფლექსიას და განსაზღვრავენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, ასევე შესაძლებლობებს და რისკებს. მოდული, მიზნად ისახავს მასწავლებელთა სასწავლო საჭიროებების საკვლევად აუცილებელი სხვადასხვა ხერხის გაცნობას და შედეგის შესაბამისად, ზრდასრულთა სწავლების ძირითადი პრინციპების გამოყენებას. ამ მიზნის წარმატებით მისაღწევად მოდული აერთიანებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, ისეთს როგორიცაა, ჯგუფური მუშაობა, სიტუაციური ამოცანა, სიმულაციური თამაში და ა.შ.

რაც შეეხება მეორე მოდულს „სწავლების მენტორობა“, მონაწილეები გაეცნობიან მასწავლებლის მენტორობის სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენებას, მასწავლებლის პროფესიული პორტფოლიოს შექმნის პროცესის გამოყენებას კოლეგიალური მენტორობისა და ურთიერთსწავლებისთვის.

აღნიშნული ორი მოდულის გავლის შემდეგ სკოლის დირექტორებსა და ფასილიტატორებს გააზრებული ექნებათ მართვისა და თანამშრომლობის თანამედროვე პრინციპები.

საჯარო სკოლის 1700-მა დირექტორმა ლიდერობის პირველი აკადემია მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან გაიარა.

პირველ ეტაპზე დირექტორები სამ მოდულში გადამზადდნენ: 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები, ეფექტური დირექტორი: თეორიიდან პრაქტიკისკენ, ფინანსური მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, დროის მართვა და საკანონმდებლო საკითხები.

ლიდერობის აკადემია სამი საფეხურისგან შედგება და სამი წლის განმავლობაში საჯარო სკოლის დირექტორთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს. აკადემიის თითოეული ეტაპი რამდენიმე მოდულისგან შედგება და აერთიანებს ტრენინგების ციკლსა და კვარტალურ შეხვედრებს, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს გაუზიარონ ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარები. პროექტის შედეგად, 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის ჩათვლით, ყველა საჯარო სკოლის დირექტორი გადამზადდება.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სატრენინგო კურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ბაზაზე შექმნილი პროექტის მართვის გუნდისა და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) საკონსულტაციო ჯგუფის ექსპერტების მიერ ერთობლივად შემუშავდა. ლიდერობის აკადემიის ამოქმედების მიზანია სკოლის დირექტორების 21-ე საუკუნის სკოლის ლიდერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვა და მათ მიერ, როგორც სკოლის ეფექტიანი მართვა, ასევე მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა.

ლიდერობის აკადემიას კვალიფიციური ტრენერები უძღვებიან, რომლებიც, ასევე, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტისა და ტრენერთა სკოლის ფარგლებში გადამზადდნენ.

პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიშტორმის მიერ დაზიანებული სასეირნო ბილიკები ზურაბ პატარაძემ დაათვალიერა
შემდეგი სტატიაილია მეორემ საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროს და გენშტაბის ხელმძღვანელობას უმასპინძლა