მართვის მოწმობის არქონის გამო პანკისში ორი ახალგაზრდა ჯერ ცემეს შემდეგ კი დააკავეს

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით პანკისში, სოფელ ბირკიანში ორი ახალგაზრდა, 24 წლის ასლან მაჩალიკაშვილი და 23 წლის რუსლან ხანგოშვილი დააკავეს – ინფრომაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს.
ჩვენ დავუკავშირდით ერთერთი დაკავებულის რუსლან ხანგოშვილის ოჯახს,მისი ბაბუას განცხადებით , ეს იყო პოლიციელების მხრიდან უფლებმოსილების გადამეტება და ახალგაზრდები უკანონოდ დააკავეს.
„როგორც მითხრეს, ბიჭები სოფელში მოტოციკლით იყვნენ გასული,პოლიციამ მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა და ვინც მართავდა ამ მოტოციკლს არ ჰქონდა მართვის მოწმობა. ეტყობა მოხდა შელაპარაკება პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის, ამ ბავშვებმაც უთხრეს ალბათ საპასუხოდ სიტყვა რაც მათ არ მოეწონათ,როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს პოლიციელებმა ბიჭები ცემეს. შემდეგ მაისურები შემოახიეს და უთქვამთ, რომ ესეც გეყოფათ, რომ ვითომ წინააღმდეგობა გაგვიწიეთო.ხვალ არის სასამართლო პროცესი,მე დიდი ეჭვი მაქვს,რომ პოლიციამ განგებ გაამწვავა საქმე. მათ შეძლოთ დაეჯარიმებინათ მართვის მოწმობის არქონის გამო“- ამბობს რუსლან ხანგოშვილის ბაბუა
დაკავებულები ამ დროისთვის ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.
როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულებას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს წყალტუბოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპაკისტანში სიკვდილით დასჯის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა