მართლმადიდებლური ეკლესია იესო ქრისტეს პირველი მოციქულის, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს 12 მაისს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია იესო ქრისტეს პირველი მოციქულის, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს 12 მაისს აღნიშნავს.

უფალმა წმიდა მოციქული საქართველოში ღვთისმშობლის ნაცვლად გამოგზავნა ქართველი ერის მოსაქცევად.

ანდრია პირველწოდებულიღვთისმშობელმა წმ. ანდრიას თავისი ხელთუქმნელი ხატი გადასცა, რომელზეც იგი ყრმა იესოთი იყო გამოსახული.

თუ რამდენად მნიშვნელოვანია მართლმადიდებელი ერისთვის წმიდანის ხსენების დღე და როგორ აღნიშნავს ქრისტიანი მრევლი ამ დღესასწაულს, ამის შესახებ “ამბიონს” ესაუბრა წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური მამა კონსტანტინე გიორგაძე:

“წმიდა დიდი მოციქული, ანდრია პირველწოდებული ბეთსაიდაში დაიბადა. მოციქულთაგან ის პირველი შეუდგა ქრისტეს, ამიტომ ეწოდა პირველწოდებული. მას სიყრმიდანვე უყვარდა უფალი და აქედან გამომდინარე, ეძებდა ჭეშმარიტ სწავლებას. იგი იყო მოწაფე იოანე ნათლისმცემლისა.

იესოს გამოჩენისას იოანე ნათლისმცემელმა ანდრიასა და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: “აჰა, ტარიგი ღვთისა”. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ მაცხოვარს და აღარ მოსცილებიან. ანდრიამ ძმასაც ახარა მესიის პოვნა და იესოსთან მიიყვანა. ისინი მეთევზეები იყვნენ. გალილეას ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მათ მოუწოდა: მოვედით და შემომიდექით და გყვნეთ მე მესათხევლე კაცთაო, რის შემდეგაც ისინი მაცხოვარს აღარასოდეს განშორებიან.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. სწორედ ღვთისმშობელს ხვდა წილად საქართველოს მოქცევა, მაგრამ რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, უფალმა უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო და საქართველოში ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ეს ხატი ხელთუქმნელი გახლდათ იმიტომ, რომ ღვთისმშობელმა ფიცარი მოითხოვა და სახეზე მიიდო, რის შემდეგაც ფიცარზე წმიდა ქალწული გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმინდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლშემდგარი აკურთხა.

წმიდა ანდრია საქართველოში აჭარის მხრიდან შემოვიდა. ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, სადაც მოციქულმა ხატი დააბრძანა, იქ მშვენიერი წყარო აღმოცენდა, ამ სასწაულმა მრავალ გულსასტიკ წარმართსაც კი გაუნათა გონება და უამრავი ადამიანი მოინათლა. ნეტარმა მოციქულმა მთელი საქართველო მოიარა და ბორჯომის ხეობის სოფელ აწყურში დაასვენა ხელთუქმნელი ხატი, თვითონ კი იერუსალიმში დაბრუნდა. იერუსალიმიდან ნეტარი ანდრია სიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად დაბრუნდა საქართველოში, ეს ორი უკანასკნელი საქართველოშია დაკრძალული; სიმონ კანანელი აფხაზეთში, კერძოდ, კომანში, ხოლო მატათა კი – აჭარაში (გონიოში).

უფლის რჩეული თავისი მქადაგებლური მოღვაწეობის დროს მრავალ ჭირსა და განსაცდელს ითმენდა. უფალმა მისი მეოხებით მრავალი სასწაული აღასრულა. უკანასკნელად ქალაქ პატრებში (საბერძნეთი) იქადაგა. აქ ქალაქის თავს ამცნო ღვთის სიტყვა, მაგრამ ამაოდ. უღმერთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდა ანდრია სიხარულით შეხვდა ამ განაჩენს. ჯვარცმულმა მოციქულმა ადიდა უფალი და სიტყვებით: “უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი”, – განუტევა სული. ქალაქის თავის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას.

რამდენიმე საუკუნის შემდეგ, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.

წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე სახელმწიფოებრივი ზეიმის დონეზეა აყვანილი. ეს გახლავთ ოფიციალურად უქმე დღე და საქართველოს ყველა ტაძარში აღესრულება საზეიმო ლიტურგია. დღესასწაული განსაკუთრებულია ქართველი მრევლისთვის, რამეთუ ანდრია პირველწოდებული ჭეშმარიტად მათი მოციქულია.

ღმერთმა დაგლოცოთ, მრავალს დაგასწროთ და გაგახაროთ მოციქულებრივი მადლის ძალით!

banner
წინა სტატიაშიიური ლუჟკოვი: ჩვენ სხვა დროს დაველოდებით და ეს დროც მოვა
შემდეგი სტატიასოფელ ქვეშიდან ოკუპანტებმა მამაკაცი გაიტაცეს