მარნეულის ინციდენტში სავარაუდოდ, გარეული იყო პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი

საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც მარნეულის ინციდენტს გამოეხმაურა.

„მე მინდოდა განცხადებების შემდეგ გამემახვილებინა ყურადღება მარნეულის ინციდენტზე, ძალიან მძიმე ინციდენტზე, თუმცა, ვამახვილებ ამ ფაქტზე ყურადღებას ახლა, მით უმეტეს, შემოსულია წერილი მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან, მამუკა ვასაძისგან. რაც შეეხება ინციდენტს, ზოგადად ვიტყვი, რომ გარდა ადგილობრივი თანამდებობის პირებისა, სავარაუდოდ, ბუნებრივია, ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, სავარაუდოდ, ამ ინციდენტში იყო გარეული ასევე საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი.

შესაბამისად, შემოსულია აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი შემდეგი შინაარსის: „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მეორე ნაწილისა და პარლამენტის რეგლამენტის მე-20 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს, 11 საათზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, პროკრატურის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მესამე ნაწილის „დ“ პუნქტით მთავარი პროკურორისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, გამოტანილ იქნა დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშუალის ჩადენისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აუცილებელია აღნიშნული მძიმე ინციდენტის გამოძიება.

„აუცილებელია ამ ძალიან მძიმე ინციდენტის გამოძიება. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად თანამდებობისა, აუცილებელია თითოეული მონაწილის დასჯა და ამას უნდა ჰქონდეს პრეცედენტული მნიშვნელობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სესიაზე.

აზერ სულეიმანოვი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი საჯარო, დამამცირებელ ბოდიშს იხდის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია „მონიტორმა“ რეპორტაჟები მოამზადეს. რეპორტაჟში საუბარია, რომ პირი, რომელიც სავარაუდოდ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლია, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჩაწერილ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მოგვიანებით, სოციალურ ქსელშივე გავრცელდა ვიდეო, სადაც ის დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის.

მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. დაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის მერს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შემდეგი სტატიასაქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ