მარგველაშვილი: საქართველო აშშ-სგან მეტ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას ელოდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ამერიკელი სენატორების დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პატრნიორობის გაღრმავებისა და ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის და ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ზოლში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-სგან მეტ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას ელოდება.

როგორც სენატორმა ჯონ მაკკეინმა შეხვერდის შემდეგ განაცხადა, შეხვედრის ერთერთი განსახილველი საკითხი სამხედრო თანამშრომლობისა და ოპერაციების მხარდაჭერა იყო.

“განვიხილეთ ჩვენი მდგრადი თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების, ასევე, სამხედრო თანამშრომლობისა და ოპერაციების მხარდაჭერა; გამოვთქვით ჩვენი მადლიერება და პატივისცემა ამ ქვეყნის იმ მამაცი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ავღანეთში თავისუფლებას იცავენ. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი“, – განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის შეფასებით, აღნიშნული ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, რადგან კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

„უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ დელეგაცია შედგება ორივე პარტიის წარმომადგენლებისაგან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, როგორც „რესპუბლიკელების“, ასევე „დემოკრატების“ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსადმი. დღევანდელ დღეს, გარდამავალ პერიოდში, როდესაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ემზადება ოფისში შესასვლელად, სწორედ ამ დროს, ასეთი ვიზიტი და ხაზგასმა იმაზე, რომ საქართველო ის სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ძალიან ღირსეული და მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, უმნიშვნელოვანესია.

დღევანდელ შეხვედრაზე განხილულ იქნა ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას ამ თანამშრომლობის, უსაფრთხოების გარემოს და ეკონომიკური ურთიერთობის გასაძლიერებლად. საუბარი შეეხო იმას, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც არსებობს ორ ქვეყანას შორის, ჯერ კიდევ არ არის ამოწურული და ჩვენი ურთიერთობის განვითარება შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

banner
წინა სტატიაშიზიანი ივანიშვილისგან ძალიან დიდია, თუმცა, ამ დონის პოლიტიკოსების ვიზიტი, ხელს შეუწყობს ნაკლები ზიანით გაიაროს საქართველომ ეს პერიოდი- ბოკერია
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა