მანუელ ვალსი: ევროკავშირი საქართველოს მიმართულებით აუცილებლად გაფართოვდება

დიდი მადლობა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში მონაწილეობისთვის, ევროკავშირი საქართველოს მიმართულებით აუცილებლად გაფართოვდება, – ამ სიტყვებით მიმართა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში (EUTM Mali) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერს, პოლკოვნიკ მალხაზ მერლანს მალიში ვიზიტის დროს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს თავდაცვის უწყების მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩართვისას უამბო.

ევროპის დღეების ფარგლებში, დღეს მინისტრები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაუკავშირდნენ და ადგილზე არსებული მდგომარეობისა და მისიების მიმდინარეობის შესახებ მათგან პირადად მიიღეს ინფორმაცია. საუბრის დასასრულს თინათინ ხიდაშელმა და მიხეილ ჯანელიძემ ქართველ სამხედროებს მისიების წარმატებით დასრულება და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

„ჩვენ მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე ვდგავართ ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, მათ შორის ცენტრალურ აფრიკასა და მალიში. ჩვენ მუდმივ მზადყოფნაში ვართ. ეს მზადყოფნა მრავალჯერ გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ყველგან, სადაც საჭიროა ჩვენი ექსპერტული დახმარება, ჩვენი ოფიცრების გამოცდილების გაზიარება, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვმონაწილეობდეთ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამებში, საკონსულტაციო მისიებში, მზად ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ეს წვლილი გავიღოთ ამ საქმეში. ამის ძალიან კარგი მაგალითია ორივე შემთხვევა, სადაც ჩვენ სულ ერთი წლის წინ სამხედრო ძალით ვიყავით წარმოდგენილი და ჩვენი სამხედროები ფრანგებთან, იტალიელებთან და სხვა ჩვენს პარტნიროებთან ერთად იარაღით ხელში იცავდნენ მშვიდობას. დღეს კი, უკვე მხარდამჭერ მისიაში ვართ და ვეხმარებით როგორც ცენტრალური აფრიკის, ასევე მალის რესპუბლიკებს შეიარაღებული ძალების გაწვრთნაში, რეფორმირებაში, უკეთესი მზადყოფნის უზრუნველყოფაში. ეს არის რეალური პარტნიორობა. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ გავხსენით საქართველოში ასეთი ტიპის წვრთნები, სადაც ჩვენ გვეხმარებიან და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დახმარება უკან დავაბრუნოთ იქ, სადაც ჩვენს პარტნიორებს სჭირდებათ,“ – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მისიებში მონაწილეობით ვზრდით ჩვენს თავსებადობას ევროკავშირის შეიარაღებულ ძალებთან და ვმონაწილეობთ უსაფრთხოების მისიებში საერთაშორისო მასშტაბით. ეს არის ჩვენი წვლილი გლობალური მასშტაბით უსაფრთხოების კუთხით და ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ამ პოზიციის გამყარებისთვის, ასევე ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის, მათი ჩვენს პარტნიორებთან თავსებადობისთვის“.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამხედრო-მრჩეველთა მისიაში (EUMAM RCA) ამჟამად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთი სამხედროა ჩართული, რომლებიც სწრაფი რეაგირების ჯგუფს შეადგენენ. მათი მთავარი ამოცანა მაღალი რანგის სამხედროების ესკორტირება და დაცვაა. სამხედრო-მრჩეველთა მისიის მიზანია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერა უსაფრთხოების სექტორისა და შეიარაღებული ჯარების რეფორმირების პროცესში.

„ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალიში (EUTM Mali) საქართველო შეიარაღებული ძალების ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი. პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი სამეკავშირეო ოფიცრის პოზიციას იკავებს. მისი ძირითადი მიმართულებებია ადგილზე მოქმედ მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია. საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი ასევე პასუხისმგებელია, განახორციელოს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობა, მალიში ადგილზე მოქმედ აქტორებთან თანამშრომლობით შეიმუშავოს ზოგადი შეფასება და იმ ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მისიის წარმატებით დასრულებაზე. საწვრთნელი მისიის მიზანი კი, ქვეყანაში კონსტიტუციური და დემოკრატიული წყობის აღდგენაა“,-ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“აქ მიმდინარეობს ხელისუფლების ბრძოლა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ“
შემდეგი სტატიარუსთავი 2-ის შუამდგლომლობა მოსამართლე ნატა ნაზღაიძის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა